ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოთხი ქალი სოხუმიდან

26 მაისი, 2017 • 6448
ოთხი ქალი სოხუმიდან

როგორ ცხოვრობენ დღეს ქალები, რა პრობლემები აქვთ – ნეტგაზეთი ოთხ სოხუმელ ქალს გაგაცნობთ.

სოხუმელი ტაქსის მძღოლი

ოლგა ალექსუნინა ტაქსის მძღოლია. მძღოლად მუშაობა მაშინ დაიწყო, როცა მიხვდა, რომ საჭესთან თავს უკეთესად გრძნობდა, ვიდრე მაღაზიის დახლთან ან სამზარეულოს ქურასთან.

ამბობს, რომ უფრო ხშირად მისი კლიენტები ბავშვები და მათი მშობლები არიან: “ჩემს მანქანაში არასოდეს დგას სიგარეტის სუნი, მუდამ სუფთაა. ეს მოსწონთ. თან არავისთვისაა საიდუმლო, რომ ქალები კაცებზე უფრო ფრთხილად და წესების დაცვით ვმოძრაობთ. მეტი ნდობა აქვთ ჩემი”.

ოლგა პროფესიით მზარეულკონდიტერია, თუმცა ამ კუთხით არასოდეს უმუშავია. აფხაზეთის ომამდე ტანსაცმლის ფაბრიკაში მუშაობდა. ომის დროს და ომის შემდეგ წლებში კი, ისევე როგორც აფხაზი ქალების უმეტესობა, მანდარინს აგროვებდა და გასაყიდად რუსეთის საზღვარზე გადაჰქონდა

“მთელი დღე ციტრუსის აკრეფაში გადიოდა, ღამე კი სახლის საქმე მელოდა. დილით მანდარინი გასაყიდად საზღვარზე მიგვქონდა ქალებით სავსე მატარებლით, რომელიც მივიდოდა თუ არა დანიშნულების ადგილამდე, არ ვიცოდით. იმ წლებში, ფაქტობრივად, არ მიძინია იმის გამო, რომ ეს წყეული მანდარინი გამეყიდა. მაშინ ჩემი შვილები მოზარდები იყვნენ და თითქმის ყოველ თვეში ახალი ფეხსაცმელი სჭირდებოდათ. იმ წლებში მანდარინმა გადაგვარჩინა, მაგრამ ახლა დასანახადაც კი მძულს”.

დღეს ოლგას საკუთარი შრომით ნაყიდი სახლი აქვს, რომელიც თავად დააპროექტა. ასევე- მანქანა, რომელიც არჩენს.

“აფხაზეთში ქალისთვის 50 წლის ასაკში სამსახურის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჯანმრთელობა უკვე არ მიწყობს ხელს, რომ მთელი დღე მაღაზიის დახლთან ვიდგე. საჭესთან ჯდომა და მუშაობა კი კომფორტულია. შემიყვარდა ადამიანების ტარება. გზაში ბევრს ვიგებ, ერთმანეთს ამბებს ვუზიარებთ”.

ამბობს, რომ თავიდან კლიენტები, ძირითადად კაცები, სკეპტიკურად უყურებდნენ.

“ჩვენთან არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალი საჭესთან მოსიარულე ბომბია, მაგრამ თანდათან  მიხვდნენ, რომ საუკეთესო მძღოლი ვარ. მუდმივი კლიენტები მყავს, რომელთაც სურთ, რომ მხოლოდ მე ვატარო. კომპანიაში, სადაც რიგის მიხედვით უწევთ ტაქსის მძღოლებს მუშაობა, გამონაკლისს უშვებენ, როდესაც კლიენტი სთხოვს, რომ მხოლოდ მე წავიყვანო. “თუ შეიძლება თქვენი ქალი მძღოლი გამოუშვით”, – ასე ეუბნებიან ხოლმე.

ოლგა ალექსუნინა; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

ოლგა ალექსუნინა; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

მთავარი პრობლემა მისთვის აფხაზეთის გზების მდგომარეობაა. ცუდი გზების გამო დროსაც მეტს ხარჯავს გზაში და მანქანის შეკეთებაც ხშირად უწევს.

“ამ საშინელი გზების გამო ხელფასის მესამედს ან უფრო მეტს ნაწილების შეცვლაზე ვხარჯავ. კიდევ ერთი პრობლემაა აქარავინ მოძრაობს წესების დაცვით, ან, უბრალოდ, არ იციან საგზაო წესები. მოგეხსენებათ, ჩვენთან ავტოსკოლაში სწავლა მამაკაცებს სირცხვილად მიაჩნიათ და მართვის მოწმობას ყიდულობენ. აი, საიდანაა ამდენი ავარია ჩვენს გზებზე”.

სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდისტი

ლარისა ცკუა აფხაზეთში შშმ პაციენტების სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდისტია. მისი პაციენტები შშმ პირები, ძირითადად, ბავშვები და მოზარდები არიან. ლარისა მათ  ფიზიკურ მომზადებაში ეხმარება. პაციენტები კი, როგორც ქალი ამბობს, მას მორალურადაც ეხმარებიან.

“როდესაც ხედავ მოზარდს, რომელსაც სხვისი დახმარების გარეშე კვებაც კი არ შეუძლია, ან ამ ბავშვის მშობელს, შენს საჭიროებებსა და ყოველდღიურ პრობლემებს ივიწყებ”, _ ამბობს ლარისა

მისი ცხოვრება აფხაზეთის ომის შემდეგ შეიცვალა.

ომის წლებში მხოლოდ გადასარჩენად ვიბრძოდი. ვაგროვებდი მანდარინს და გასაყიდად ფსოუზე გადამქონდა. უკანა გზაზე პროდუქტი მომქონდა ოჯახისთვის. იმ დროის გახსენებაც მზარავს. უზარმაზარ ტომრებს ვეზიდებოდი და ჩემნაირად დატვირთულ ქალებს შორის ვძვრებოდი, რომ მალე გავსულიყავი საზღვარზე. მაშინ ყველა ქალს სახლში მშიერი შვილი ელოდა”.

ლარისას ქმარი ომის პირველი ჯგუფის ინვალიდია, ოჯახის რჩენაც ამ წლების განმავლობაში მხოლოდ მისი საქმეა.

ომის შემდეგ ციტრუსის გაყიდვის პარალელურად სამედიცინო ფიზკულტურის მიმართულებით კვალიფიკაციის კურსები გაიარა და აფხაზეთის შშმ პირთა ასოციაციაში დაიწყო მუშაობა. გარდა ამისა, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზკულტურისა და სპორტის ფაკულტეტზე ასწავლიდა.

ამბობს, რომ დღეს ცხოვრება უფრო მარტივია, ვიდრე 90-იანებში იყო, თუმცა დღეს უკვე ორ ოჯახს არჩენს: “ჩემი შვილი ცალკე ცხოვრობს, ქმარს გაშორებულია. მის შვილს დაავადება აქვს, იძულებულია სახლში შვილთან იჯდეს. მის ოჯახსაც მე ვარჩენ”.

ლარისა ცკუა; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

ლარისა ცკუა; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

კამა გოპიასკიარაზა

კამა გოპია სოხუმში საქველმოქმედო ფონდ “კიარაზას” აღმასრულებელი დირექტორია. ეს ფონდი აფხაზეთში 2012 წელს დააარსა.

“როდესაც სირიაში ომი დაიწყო და ჩვენთან სირიიდან დევნილები ჩამოვიდნენ, მეგობართან ერთად მათთვის თანხის შეგროვება დავიწყე. ფეისბუქში გავაკეთეთ ჯგუფი “კიარაზა”. კიარაზელებს ადრე აფხაზეთში იმ ადამიანებს ეძახდნენ, რომლებიც სხვებს ეხმარებოდნენ. ჯგუფში გამოვაქვეყნეთ პოსტი და მოვუწოდეთ ადამიანებს, დახმარებოდნენ მრავალშვილიან ოჯახს სირიიდან. ჩვენდა გასაკვირად, ძალიან ბევრი გამოგვეხმაურა”, – იხსენებს კამა.

კამა წლების წინ ავია და რკინიგზის ბილეთების სალაროში მუშაობდა და  ხელფასის ნაწილს ყოველთვიურად ქველმოქმედებაში ხარჯავდა, გაჭირვებული მეზობლებისთვის საკვებს ყიდულობდა, ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებს კვებავდაოდრი ჰეფბერნისა და ანჯელინა ჯოლის მაგალითით, ისიც ოცნებოდა, რაიმეთი დახმარებოდა ბავშვებს აფრიკასა და აზიაში, ვიდრე აფხაზეთშივე არ აღმოაჩინა სიღატაკეში მცხოვრები ბავშვები

“როდესაც მეზობლებისთვის საკვებს ვყიდულობდი, ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო საკმარისი და ეს არ არის ქველმოქმედება, ეს ერთჯერადი დახმარებაა. მეგობრებიც მეუბნებოდნენ, რომ ამ საქმეში თანმიმდევრული არ ვარ და ზოგჯერ თავს ვახვევ დახმარებას ადამიანებს”. 

კამამ მეგობრებთან ერთად დაიწყო აფხაზეთის სოფლებში სიარული, რათა საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი დანარჩენ აფხაზეთში.

“ეს იყო დიდი იმედგაცრუება. ვნახე ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. აღმოჩდა, რომ სოფლებში ხალხი სიღატაკეში ცხოვრობს, სადაც ბავშვები იმის გამო ვერ დადიან სკოლაში, რომ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი არ აქვთ”.

მას შემდეგ, რაც სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების ფოტოები გამოაქვეყნეს ფეისბუქის ჯგუფში, ხალხმა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პამპერსის ტომრებით მოტანა დაიწყო. მოჰქონდათ ფულიც.

მალე “კიარაზას” შესახებ მთელ აფხაზეთში გაიგეს და ფონდს სპონსორიც გამოუჩნდა

“პირველ რიგში, ვეხმარებით სიღარიბეში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს. ვაძლევთ ყველაფერს _ აუცილებელსა და საჭიროს. იმ შემთხვევაში, თუკი ფული სჭირდებათ, მაგალითად, ბავშვის სამკურნალოდ, ყურადღებით ვადევნებთ თვალს, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება ეს ფული”, – ამბობს კამა.

მისი თქმით, ხშირია ისეთი შემთხვევაც, როდესაც ავალდებულებენ დახმარებას: “ფიქრობენ, რომ ვალდებულები ვართ. ფონდი სახელმწიფო სტრუქტურაში ერევათ. ასეთ დროს ჩემი მეგობრის სიტყვები მახსენდება, რომ არ უნდა ველოდე სიამოვნებას ქველმოქმედებისგან, რადგან ის უფსკერო ჭურჭელია – ვერასდროს გაავსებ”.

კამა გოპია; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

კამა გოპია; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

ტანსაცმლის დიზაინერი

რუსუდანი აფხაზეთში ტანსაცმლის ცნობილი დიზაინერია. მისი სტუდია, რომელიც  სოხუმის ცენტრში მდებარეობს, მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგი და ბავშვობის ოცნებაა.

რუსუდანს მშობლები, რომლებიც მეცნიერფიზიკოსები იყვნენ, აიძულებდნენ, რომ განათლება სხვა სფეროში მიეღო და არჩევანის საშუალება არ დაუტოვეს, ამიტომ უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა და შემდეგი რამდენიმე წელი ეკონომისტად იმუშავა.

აფხაზეთის ომის დროს რუსუდანი ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა.

“ომის შემდეგ ხშირად ჩამოვდიოდი სოხუმში. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დავბრუნდებოდი აქ”, _ ამბობს რუსუდანი. თუმცა ოცნება აფხაზეთში დაბრუნებამდე, მოსკოვში აისრულა და ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით პროფესიული განათლება მიიღო.

სოხუმში ჩამოსვლის შემდეგ რუსუდანმა აფხაზური საზოგადოებისთვის თავის გაცნობა გადაწყვიტა:

“სწორედ აფხაზეთში გაჩნდა ჩემი პირველი მუსლიმური ტანსაცმლის კოლექცია, რომელიც ფართო საზოგადოებამ ნახა. გაჩნდნენ პირველი კლიენტებიც, თუმცა ეს ყველაფერი აღარ განვითარდა, რადგანაც აფხაზეთში მოდის ინდუსტრია არ არსებობს. აქ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ასი წლის წინ იყო. ინდივიდუალური კერვა კარგია, მაგრამ დიზაინერს განვითარების საშუალებას არ აძლევს”.

ამის მიუხედავად, თუკი პირველ წლებში მის ერთადერთ სამუშაო ოთახში ორი საკერავი მანქანა და ერთი მანეკენი იდგა, დღეს სოხუმის ცენტრში ოროთახიანი, მყუდრო და კომფორტული სტუდია აქვს.

დარჩება თუ არა რუსუდანი აფხაზეთში, ჯერ არ იცის. ოცნებობს, რომ აფხაზეთის მოდის ინდუსტრია იზოლაციიდან გამოვიდეს, აფხაზმა დიზაინერებმა მსოფლიოში გაითქვან სახელი და სოხუმში მოდის კვირეული გაიმართოს.

რუსუდან კობიაკოვა-ლაგვილავა; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

რუსუდან კობიაკოვა-ლაგვილავა; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

 

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი