ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხი უგულავას

22 თებერვალი, 2013 •
ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხი უგულავას

მინისტრის მოადგილის, შოთა მურღულიას განცხადებით, 2012 წლის 28 დეკემბერს მერიამ თავად გადაუგზავნა სამინისტროს  სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებელთა წერილი განსახილველად, რომელსაც 500 ოჯახი აწერდა ხელს:

 

“აღნიშნულ წერილში მოსახლეობა ხიდის მშენებლობაზე უარის  თქმას ითხოვდა და მიზეზად ეკოლოგიურ პრობლემებსა  და სამტრედიის ქუჩაზე არსებულ გადატვირთულ მოძრაობას ასახელებდა. სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა განიხილეს არსებული პროექტი  და მისი ძვირადღირებულების (პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს  ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით უნდა გახორციელებულიყო და მისი ღირებულება 80 მლნ ლარი გახლდათ), დიდი საექსპლუატაციო ხარჯების (5 მლნ ლარი  წელიწადში) და მოსახლეობისათვის მიყენებული  ზიანის საფუძველზე, აღნიშნული  ხიდის მშენებლობაზე უარი განაცხადეს.”

 

როგორც შოთა მურღულიამ განაცხადა,  გიგი უგულავას განცხადება პრობლემის გადაბრალების უსუსური მცდელობა იყო.

 

“სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მზად არიან, განახორციელონ  მდინარე მტკვარზე ხიდის  მშენებლობა, თუ  მერია წარმოადგენს  პროექტის მოსახლეობასთან შეთანხმებულ, ალტერნატიულ  ვარიანტს”, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

 

გიგი უგულავამ დღეს განაცხადა, რომ არ არსებობს ჯანსაღი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა აშენდეს ხიდი:

“მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა დასაჯოს თბილისელები იმისათვის, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავართ. იმის მაგივრად, რომ დავმსხდარიყავით და კონსულტაცია ჩაგვეტარებინა, ქონების მართვის სამსახურის უფროსი ამ თემაზე ანტიკორუფციულ დეპარტამენტშია დაბარებული. მე მინდა ნარმანიას და ასევე, პრემიერ–მინსიტრს მივმართო, რადგან უკვე ბუნდოვანია, ვინ წყვეტს ამ საკითხს, მინდა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე შევთავაზო, რომ დაფიქრდნენ, გავიაროთ კონსულტაციები. თუ ვინმეს ხიდის დიზაინი არ მოსწონს და ძვირი შესანახი იქნება, შეგვიძლია მთლიანად მოვხსნათ ეს და როგორი დიზაინისაც უნდათ, ისეთი დიზაინის იყოს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

დაკიდული ხიდის პროექტი
დაკიდული ხიდის პროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი