ახალი ამბები

სოსო რობაქიძე: ვითხოვ, დღესვე დამაპატიმრონ

22 თებერვალი, 2013 •
სოსო რობაქიძე: ვითხოვ, დღესვე დამაპატიმრონ

“მე დღეს ოჯახს უკვე დავემშვიდობე. მე მაქვს მიცემული ჩვენება, რომელსაც არ ვცვლი და თუ ცრუ ჩვენება მივეცი, ვითხოვ, დღესვე დამაპატიმრონ. ასევე, დააპატიმრონ დონაძე, მიქაძე და სხვები, რომლებმაც შეცვალეს ჩვენებები და კანონში წერია, რომ ჩვენების შეცვლისთვის 3 წელია ციხე,” – აცხადებს სოსო რობაქიძე.

 

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პროტესტის ნიშნად დატოვებს საქართველოს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ენდობა მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილსა და მის უწყებას. სწორედ ამიტომ, სოსო რობაქიძე აცხადებს, რომ დღეს, 22 თებერვალს, 18:00 საათზე შეხვდება კბილაშვილს აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ.

 

18 თებერვალს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა ტელევიზიების მეშვეობით, რის შემდეგაც საქმეზე ბრალდებულმა და დაკითხულმა რამდენიმე მოწმემ შეცვალა ჩვენება.

 

კერძოდ, დიდუბე-ჩუღურეთის საპატრულო პოლიციის ყოფილმა ოცმეთაურმა მაიზერ ლიპარტელიანმა, რომელიც რობაქიძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, გუშინ საღამოს პროკურატურას ახალი ჩვენება მისცა. დაკითხვის შემდეგ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალა სიმართლეს შეესაბამება და შემთხვევის ადგილზე იარაღი ნამდვილად იყო:

 

“მე შემიძლია დაკონკრეტებით და დაბეჯითებით გავიმეორო ერთი რამ, რაც რამდენიმე დღის წინ მე განვაცხადე ეთერში. ნამდვილად ჭეშმარიტებაა ის, რომ იმ კადრებში ჩანს ჩემი მოქმედება უშუალოდ, იმ კადრებში ასახულია პირველივე წამები შემთხვევის ადგილის რეალური, ეს არის ჩემი და ჩემი თანამშრომლების მოქმედების რეალური კადრები, შემდგომ მოვლენების განვითარება როგორ მიდის, ვხედავთ ამ კადრებში. ჩემს იქით კადრი მოძრაობს, მანდ სხვა კადრებიც ვნახე, რაც ტელევიზიით არ მინახავს, შესაძლებელია არსებობდეს დამატებით ვიდეომასალა, რომელიც მე არ ვიცი. მანდ უბედური შემთხვევა მოხდა, რომელიც არც დაგეგმილი იყო და არც წინასწარ შეთანხმებული, ამას მე ყოველთვის ვეუბნებოდი ბატონ სოსოს – იარაღები იყო, რაც მე ვნახე, ეგ ის იარაღებია”,  – განაცხადა ლიპარტელიანმა.

 

კადრების გავრცელების შემდეგ  ბრალდებას უარყოფს საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძეც. მისი ადვოკატის თქმით, გასული წლის ბოლოს, ახალი მთავრობის მიერ ბუტა რობაქიძის საქმის ხელახალი გამოძიებისას, ზურაბ მიქაძეზე განხორციელდა ზეწოლა და უკანონო ქმედებები.

 

რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კიდევ ერთმა პირმა – გურამ დონაძემ უარყო მანამდე გავრცელებული ცნობა, რომ ის არ იმყოფებოდა ქვეყანაში რობაქიძის მკვლელობის დროს: მან გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა ფირცხალავას მიერ ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ განაცხადა, რომ ის ამის შემდეგ აღარ არის მკვლელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი