მინისტრის განცხადებით, 10 დღეა დაიწყო უპრეცედენტო საგაზაფხულო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 640 ათასი მცირემიწიანი ფერმერის დახმარებას:

“შემოსულია რამდენიმე სიგნალი რაიონებში პროგრამის მიმდინარეობისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნასთან დაკავშირებით. არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და არც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს არ გაუკეთებია საჯარო რეაგირება და ეს ფაქტები არ გაგვიხმაურებია. დღესაც მოვერიდები კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებას, ვინაიდან თითოეულ ასეთ შემთხვევაზე გაგზავნილია რეაგირებისა და მონიტორინგის ჯგუფები და შედეგებს საზოგადოებას გავაცნობთ.”

 

დავით კირვალიძე
დავით კირვალიძე

დავით კირვალიძემ განცხადება ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე გააკეთა:”რაიონებსა და სოფლებში ხალხს ეუბნებიან, თითქოს სასოფლო-სამეურნეო ბარათების აღების შეთხვევაში მათ შემოდგომაზე ფულის უკან დაბრუნებას მოსთხოვენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბარათებით გამოყოფილი დახმარება ფერმერებისთვის არის უსასყიდლო. სამუშაოთა მთელი გეგმა კი გაწერილია. მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი თუ სტრუქტურა, რომელიც ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ცდილობს პროგრამის განხორციელებისთვის, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევას მიეცემა უმკაცრესი შეფასება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. “

 

კირვალიძის განცხადებით, ეს პროგრამა პრემიერის ინციატივით დაიწყო და მას ერთადერთი მიმღები – ბენეფიციარი ჰყავს, გლეხი და ფერმერი:

 

“სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახლადშექმნილ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად არის აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელი ორგანო. პროცესში ჩართულია და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციები, მუნიციალიტეტები, რწმუნებულები და გამგეობები. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს პროგრამა რადიკალურად განსხვავდება ე.წ. ვაუჩერების პროგრამისგან და მისი ერთ-ერთი მთვარი განსხვავება ისაა, რომ ფერმერები დახმარებას იღებენ თავიანთი ნაკვეთის ზომის პროპორციულად. ეს პროცესი საჭიროებს დამატებით ახსნა-განმარტებას მოსარგებლეებისთვის. სწორედ ამიტომ რწმუნებულების მხრიდან პირველ რიგში ფერმერთა სიის სწორ შედგენას და მოსახლეობის ადგილებზე ინფორმირებას უდიდესი მნიშვნლობა ენიჭება.”

 

სოფლის მეურნეობის მინიტრის განცხადებით, სოფლის საგაზაფხულო პროგრამა არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური დაპირისპირების და საბოტაჟის ასპარეზი. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *