ახალი ამბები

პრეზიდენტი: დამსაქმებელს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჰუმანური ვალდებულება აქვს

25 მაისი, 2017 •
პრეზიდენტი: დამსაქმებელს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჰუმანური ვალდებულება აქვს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ისეთი შრომის პირობების ინსპექტირების მექანიზმის შექმნა, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესების ბალანსს დაიცავს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე “შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში” ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ძალიან ხშირია სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი. მისივე აზრით, შრომის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა თითოეული ადამიანის ვალია:

“ხშირია დასაქმებულების სამუშაო ადგილზე დაშავების და დაღუპვის შემთხვევები.  ამ ადამიანებზე ზრუნვა, მათ შრომით პირობებზე ზრუნვა, არის როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეული ჩვენგანის ფუნქცია.  სახელმწიფო რომც არ აწესებდეს სტანდარტს, თავისთავად დამსაქმებელი, რომელიც ჩართულია ბიზნესში ან რაიმე საქმიანობაში, მას გააჩნია გარკვეული დაუწერელი, ჰუმანური ვალდებულებაც კი იმისთვის, რომ თავისი თანამშრომლები ისეთ პირობებში ამუშაოს, რომ არ დაზიანდეს არც მათი ღირსება, არც მათი ჯანმრთელობა და, ბუნებრივია, არც მათი სიცოცხლე,” – განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ  ამ ფონზე შრომის ინპექციის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია.

პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ბალანსის პოვნა საბჭოთა გამოცდილებასა და თავისუფალ ბაზარს მინდობილ შრომით ურთიერთობებს შორის:

“ჩვენ ყველა მოვდივართ იმ წარსულიდან, როდესაც საბჭოთა კავშირში შრომის და მშრომელის დაცვის საკითხი ისეთ ფორმებს იღებდა, რომ რეალურად შესუსტდა ჯანმრთელი კონკურენციის, საბაზრო ეკონომიკის, შრომითი ურთიერთობების ბუნებრივი ლოგიკა და ხელოვნური ბარიერებით ისეთი ვითარება შექმნა, რომ შრომა არ იყო დაფასებული. ამ სისტემიდან ჩვენ გადავედით სისტემაში, სადაც საერთოდ მოისპო კონტროლი ამ სფეროზე და მივედით ისეთ მდგომარეობამდე, რომ ჩვენ ბაზარს მივანდეთ ბოლომდე ადამიანების შრომითი დაცულობის პრინციპი.

ეს ორი უკიდურესობა უნდა დავძლიოთ და ისეთი სტანდარტი უნდა მივიღოთ, სადაც მშრომელი ადამიანის უფლება იქნება დაცული და, მეორე მხრივ, არ დაზარალდეს როგორც დამსაქმებლის ინტერესი, ასევე იმ ადმაიანის ინტერესი, რომელიც მოწადინებულია, რომ უკეთესი შრომით, უკეთესი საქმიანობით შექმნას უფრო მაღალი დონის კეთილდღეობა თავისთვის და საზოგადოებისთვის. ამ ბალანსის შექმნა არის იდეალური პირობა, რომელიც შრომის ინსპექციამ თავის თავზე უნდა იტვირთოს,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

____________________________________________

დღეს, 25 მაისს, მთავრობის სხდომაზე, “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე სხვა კანონპოექტებს განიხილავენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, პარლამენტისთვის მისი წარდგენა 2018 წელს იგეგმებოდა, მაგრამ სხვადასხვა უწყებებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ პარლამენტს კანონპროექტი 2017 წელს წარუდგინონ, თუ მას მთავრობა დაამტკიცებს. ცვლილებების თანახმად, შრომის ინსპექციას შეეძლება არაგეგმურად შევიდეს საწარმოოს შესამოწმებლად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი