საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მერაბიშვილის არგუმენტი საგარეო ვექტორის დაცვასთან დაკავშირებით ტყუილი და სიცრუეა:
“ჩემის აზრით ის არგუმენტი, რაც ბატონმა ვანომ ბრძანა, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი დასაცავია, ეს ვექტორი დაცულიც არის და მილიონჯერ გვაქვს განცხადებული. ეხლა ტყუილების და სისულელეების მოგონებას დავანებოთ თავი.”
საგანელიძეის თქმით, მოსახლეობისთვის ზღაპრების მოყოლას თავი უნდა დაანებონ:
“თუ მოსახლეობა უნდათ შეიყვანონ შეცდომაში, რომ როგორმე ქუჩაში გამოიყვანონ, იმიტომ რომ თურმე ახალი ხელისუფლება აღარც ევროინტეგრაციისკენ ისწრაფვის, არც ნატოში შესვლაზე ფიქრობს და არც ევროკავშირში. ეს როგორმე უნდა გახადონ მოსახლეობის აღშფოთების საგანი, ახლა ამ ზღაპრების მოყოლას თავი დაანებონ. თუ უბრალოდ აინტერესებთ რამდენი ადამიანი შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს, კი ბატონო გამოვიდნენ და დათვალონ და მიზეზი მოძებნონ სწორი. ის თემა, რაზეც საუბრობს ბატონი ვანო მერაბიშვილი თითიდან გამოწოვილიც არ არის, ის არის რაღაც აბსოლუტურად აბსურდული.”
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 19 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიმართება მიტინგი.
მერაბიშვილის თქმით, ამ შეკრების მიზანია, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაანახოს, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი პატრიოტი, რომლებისთვისაც სულერთი არ არის საქართველოს მომავალი და რომლებსაც არ სურთ უკან დაბრუნება.
მისი თქმით, აქცია 19 აპრილს 16.00 საათზე გაიმართება.