ახალი ამბები

ადვოკატი: ზურაბ მიქაძისგან უკანონო ზეგავლენით მიიღეს ტყუილი ჩვენება

21 თებერვალი, 2013 •
ადვოკატი: ზურაბ მიქაძისგან უკანონო ზეგავლენით მიიღეს ტყუილი ჩვენება

მიქაძის ადვოკატმა კობა კობახიძემ დღეს “მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ გასული წლის ბოლოს, ახალი მთავრობის მიერ ბუტა რობაქიძის საქმის ხელახალი გამოძიებისას, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელდა ზეწოლა და უკანონო ქმედებები.

“ზურაბ მიქაძე შემთხვევის მოხდენიდან დაახლოებით 4 წუთში მივიდა ადგილზე. ახალაღმოჩენილი კადრებიდან ჩანს, რომ იგი პულსსაც უსინჯავს გარდაცვლილს და მანამდე იგი იქ არ ყოფილა. ფაქტს იგი არ შესწრებია”, – აცხადებს კობა კობახიძე.

ზურაბ მიქაძე
ზურაბ მიქაძე

მისივე თქმით, როდესაც ზურაბ მიქაძე დაიბარეს პროკურატურაში, მას წარუდგინეს მოწმეების, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, რომლებიც მას სდებდნენ ბრალს და ასევე, აჩვენეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძველი მუხლი, რომლითაც აცნობეს, რომ ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდებოდა აღიარების შემთხვევაში.

“მასზე მოხდა ზეგავლენა და უკანონო ქმედებები. რაც მან ჩვენებაში მისცა, ეს არის ზეგავლენით მიცემული ჩვენება. მათ უკანონო ზეგავლენით მიიღეს ტყუილი ჩვენება,” – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, როდესაც მიქაძემ ახალი კადრები ნახა, თვალნათლივ აღიდგინა ყველაფერი და დაკითხვის დროს, იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაულიდან 8 წელი იყო გასული, ბევრი დეტალი არ ახსოვდა.

კობა კობახიძის თქმით, ამ ვიდეომასალის აღმოჩენამდეც იყო ის მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებული, რომ ბრალი უნდა უარეყოთ.

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე გასული წლის 30 ნოემბერს დააკავეს და მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადება-გადაზიდვა) და 335-ე მუხლით (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება).

საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე და პოლიციის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისაგან თავის არიდების მიზნით ჩაიდინეს დანაშაული.

კერძოდ, კბილაშვილის თქმით, ზურა მიქაძემ, სხვა პირებთან ერთად, საპატრულო პოლიციის ორი მანქანით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მიიტანა შემთხვევის ადგილზე და შემდეგ, მისივე დავალებით, პოლიციის თანამშრომლებმა ეს იარაღი მტკიცებულების ფალსიფიცირების მიზნით დაალაგეს შემთხვევის ადგილზე და ამით შეიტანეს მათ სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში.

“ზურაბ მიქაძემ აიძულა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გამოძიებისათვის მიეცა ცრუ ჩვენება ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებეზე დაყრდნობით, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა”, – განაცხადა კბილაშვილმა.

მიქაძემ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის მაშნდელი უფროსის, ზაზა ბაქრაძის მითითებით დადო შემთხვევის ადგილზე იარაღები.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიქაზე 16 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი