ამ თემაზე ბათუმში შეხვედრას ახლად შექმნილი პარტიის ხელმძღვანელი დავით თარხან-მოურავი უძღვებოდა. ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდა მედია-კავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელი ირმა ინაშვილი. იყვნენ გამომსვლელები, რომლებიც ბათუმში მეჩეთის აშენების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
„შევთანხმდით იმაზე, რომ ჩატარდება რეფერენდუმის თუ პლებისციტის ტიპის გამოკითხვა, რომელიც ნოტარიულად იქნება დამტკიცებული, რომ არავის ეჭვი არ შეეპაროს ამ ნების გამოხატულების სამართლებრივ ასპექტებში. საჭირო არის ძალიან დიდი აქტივობა,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ირმა ინაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდგომ. ინაშვილის განცხადებით, პლებისციტის საინფორმაციო მხარდამჭერი იქნება მედია-კავშირი „ობიექტივი“, „25-ე არხი“ და გაზეთი „აჭარა პს“.
შეხვედრას ესწრებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ალეკო ჩიტიშვილი. მისი განცხადებით, გუნდში, რომელიც პლებისციტს ითხოვს, შედის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე.
„ჩვენ წინააღმდეგი ვერ ვიქნებით, არ გვაქვს უფლება ვიყოთ წინააღმდეგი, ან ვიყოთ თანახმა, რადგან ეს იწვევს მღელვარებას ხალხში და არ გვინდა, რომ მოხდეს დაპირისპირება ქართველ ადამიანებს შორის, მუსლიმი იქნება თუ ქრისტიანი, ამიტომ ვითხოვთ, რომ პლებისციტი ჩატარდეს ქალაქში და ვნახოთ, მოსახლეობის რა ნაწილს სურს მეჩეთის მშენებლობა,“ – განაცხადა ალეკო ჩიტიშვილმა „ბათუმელებთან“ საუბარში.
პლებისციტის დანიშვნის და ჩატარების წესს რეფერენდუმის შესახებ კანონი განსაზღვრავს. პლებიცისტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მისი ნაწილის აზრის გასაგებად, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით. პლებისცისტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.
15 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თურქეთში ვიზიტის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ გადაწყდა მეჩეთის აჩენება აჭარაში. ეს თემა დისკუსიის საგანი იყო წინა ხელისუფლების დროსაც. მეჩეთის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა პარლამენტის ამჟამინდელი მოწვევის ვიცე- სპიკერი მურმან დუმბაძე, რომელმაც თებერვალში უკვე განსხვავებული განცხადებები გააკეთა.