ახალი ამბები

საჭიროა თუ არა დიდების მემორიალის აფეთქების ხელახალი გამოძიება

20 თებერვალი, 2013 • • 2642
საჭიროა თუ არა დიდების მემორიალის აფეთქების ხელახალი გამოძიება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ დიდების მერმოარიალის აფეთქების საქმის გამოძიება მეორედ უნდა განხორციელდეს. როგორც დეპუტატები განმარტავენ, მხოლოდ შემსრულებელი ფირმის წამომადგენლების დაკავება საკმარისი არ არის და გამოძიება აფეთქების შემკვეთებზე უნდა გავიდეს.

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, მაშინ, როცა გამოძიება პრეზიდენტის მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, შეუძლებელია საქმე სრულყოფილად გამოძიებული ყოფილიყო:

 

“ამ ვითარებაში ძნელი წარმოსადგენია, რომ გამოძიება ყოფილიყო ობიექტური. ალბათ გამომძიებელი და პროკურორი დაეთათბირებოდა წინა ხელისუფლების პირველ პირებს, რა გადაწყვეტიელბა უნდა მიეღოთ. საჩვენებლად დასაჯეს რამდენიმე ადამიანი, თუმცა  დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე სრულყოფილად გამოძიებული არ არის. კარგი იქნება, თუ პროკურატურა ამ ფაქტს მიუბრუნდება იმიტომ, რომ უმძიმეს შედეგი დადგა მაშინ”, – აცხადებს ეკა ბესელია.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის თქმით, როგორც მას ახსოვს, გამოძიება საკმაოდ სრულყოფილად ჩატარდა. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” პატივს სცემს ყველა ვეტერანს:

 

“პასუხისგებაში მიეცნენ ადამიანები, რომლებიც ტექნიკურად მაშინ იყვნენ  მხილებული ამ პროცესში. ჩემი წინაპრებიც იბრძოდნენ ამ ომებში და მუხლს ვიდრიკავ მათ წინაშე, მაგრამ არ შეიძლება ამ თემებით სპეკულირება უბრალოდ  და პოლიტიკური ვაჭრობის საგნად გამოყენება”

 

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ,  როგორც რიგითი მოქალაქე, მოითხოვს გაირკვეს, ვინ გასცა ბრძანება:

 

“მე, რა თქმა უნდა, მოვითხოვდი, როგორც რიგითი მოქალაქე, არა პარლამენტარი და არა რაღაც პოლიტიკაში ჩართული ადამიანი, რომ უშუალოდ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ჩვენ უნდა გამოვიძიოთ, თუ ვინ გასცა ეს განკარგულება თუ ბრძანება და ვისი მითითებით და  განკარგულებით  მოხდა ამ მემორიალის დანგრევა”

 

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ გამოძიება პრობლემა არ არის, უბრალოდ პოლიტიკური დაკვეთებით არ უნდა მიმდინარეობდეს პროცედურა:

 

” საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს ყველა საქმის შესახებ ყველაფერი. ამიტომ, თუკი ახალი გამოძიება რაიმეს დაადგენს, ჩვენ ნამდვილად საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს და მთავარია ის, რომ პოლიტიკური მიზნებით, პოლიტიკური დაკვეთებით არ მიმდინარეობდეს შესაბამისი პროცედურები, რისი ალბათობა დღევანდელ პერიოდში, დღევანდელი გამოძიების კვალობაზე საკმაოდ მაღალია”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი  ომარ ნიშნიანიძე ამტკიცებს, რომ ძირითადი სასჯელი შემკვეთებზე უნდა მოდიდოდეს:

 

“რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯონ და პირველ რიგში ეს ვანდალური აქტი მოდის ზემოდან, თორემ ახლა იმ მუშებს და შემსრულებლებს, ბუნებრივია, რას ვერჩით?! თუმცა, რა თქმა უნდა, ისეთ ბრძანებას, რომელიც შენი ხალხის წინააღმდეგაა და შენი კულტურის წინააღმდეგაა მიმართული… ისინი სასჯელის ღირსი არიან”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე აცხადებს, რომ არ იცის დამკვეთის ბრალელულობა როგორ უნდა გამოიკვეთოს:

 

“დამკვეთს არ მიუცია  დაკვეთა, არავინ შეწირვოდა, ვთქვათ, ჩვეულებრივ სამშენებლო პროცესს. თუკი რაიმე დარღვევა მოხდა ამ სამუშაოს ჩადენისას, ეს არის  უშუალოდ შემსრულებლის ბრალი”.

 

მერაბ ბერძენიშვილის ძეგლის – “დიდების მემორიალის” დემონტაჟი ქუთაისში 2009 წლის დეკემბერში დაიწყო და იმავე წლის 19 დეკემბერს ააფეთქეს, რასაც დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა.  

 

აფეთქების დროს უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისთვის (სსკ 240-ე მუხლის მეორე ნაწილით) სამი პირი დააკავეს, სამივე მათგანი გახლდათ კერძო კომპანიის “საქფეთქმრეწვის” თანამშრომელი. გამოძიება ისე დასრულდა, რომ ოფიციალურად არ გამოვლენილა ის თანამდებობის პირი, ვისი ბრძანებითაც განხორციელდა სამი წლის წინ პარლამენტის მშენებლობის მოტივით “დიდების მემორიალის” აფეთქება . 

 

ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქებიდან ერთი წლის თავზე მოსკოვში დიდების მემორიალის ანალოგი გაიხსნა, სახელწოდებით – „ჩვენ ერთად ვიყავით ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

 

მოსკოვში ქუთაისში აფეთქებული დიდების მემორიალის ანალოგის დადგმის ინიციატივით რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა. თავდაპირველად საუბარი იყო რუსეთში “დიდების მემორიალის” ზუსტი ასლის დადგმაზე, თუმცა მას შემდეგ, რაც ასლის დამზადებასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა ძეგლის ავტორმა, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილმა, რუსეთის ისტორიული მემკვიდრეობის ფონდმა კონკურსი გამოაცხადა დიდების  მემორიალის ანალოგის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი