იმის გამო, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში სხვადასხვა ეპიზოდებია, საქმე არის დიდი მოცულობის, ბრალდებულია 7
პირი: ბაჩანა ახალაია, გიგი კალანდაძე, გაგა მკურნალიძე, ზურაბ შამათავა, მანუჩარ დარასელია, გიორგი კინწურაშვილი და მერაბ კიკაბიძე.
საქმის მასალები რამდენიმე ტომისგან შედგება, ამიტომ დღეს, როცა უნდა განეხილათ სხვადასხვა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და სხვადასხვა შუამდგომლობები, დროის სიმცირის გამო განიხილეს მხოლოდ 1 შუამდგომლობა და პროკურორებმა წაიკითხეს მტკიცებულებების სია. აღნიშნულ სია შეიცავს დასაკითხი პირების სახელებსაც, რომელთა შორისაა პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული შიდა ქართლში და ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ არსოშვილი. პროკურატურა ახალაიას პროცესზე კიდევ 200–მდე მოწმის დაკითხვას გეგმავს.
ადვოკატ გოგიტა გაბაიძის თქმით, შემდეგ სასამართლო სხდომაზე გაირკვევა, კონკრეტუკლად რომელ ეპიზოდთან დაკავშირებით მისცა არსოშვილმა ჩვენება ახალაიას წინააღმდეგ, შესაბამისად, ის წინასწარ დეტალებს ვერ გაამხელს.
ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა სასამართლოს წინაშე დააყენეს შუამდგომლობა, რომ მომხდარიყო სხდომის აუდიო–ვიდეოჩაწერა და ტელეტრანსლირება დადგენილი წესით. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის 1 მარტიდან ძალაში შედის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც ამის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტის ნება ამ საკითხზე ცნობილია. გარდა ამისა, ისაუბრეს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე აღნიშნული საქმისადმი.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ კანონი ძალაში 1 მარტიდან შედის და, შესაბამისად, არანაირი აუცილებლობა არ არსებობს ამ შუამდგომლბის დაკმაყოფილების. მოსამართლე ეკა არეშიძემ ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მხოლოდ დაცვის მხარეს მისცა სხდომის აუდიოჩაწერის უფლება, რაც შეეხება ვიდეოჩაწერასა და ტელეტრანსლაციას, მოსამართლემ მათ შეახსენა, რომ საქმის არსებითი განხილვის დაწყებისთვის 1 მარტიდან კანონი ძალაში იქნება შესული, ხოლო წინასასამართლო სხდომაზე ვიდეოტრანსლირება დააზარალებს მართლმსაჯულების ინტერესს.
მოსამართლის განმარტებით, ვინაიდან წინასასამართლო სხდომაზე განიხილება მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, შესაძლოა, საზოგადოებაში შეიქმნას წინასწარი წარმოდგენები, ხოლო ახალაიას საქმე, პარლამენტის მიერ მიღებული კანონიდან გამომდინარე, შესაძლებელია ნაფიც მსაჯულებს გადაეცეთ განსახილველად. დადგენილი კანონმდებლობით კი, ნაფიც მსაჯულებს არ უნდა ჰქონდეთ წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლის განხილვაშიც უნდა მიიღონ მონაწილეობა.
ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესს მისი ცოლის, ანი ნადარეიშვილის გარდა ესწრებოდნენ პარლამენტარები – მარიამ საჯაია, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, შსს–ს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი სალომე მახარაძე, ასევე, “კომედი შოუს” მსახიობები ვახო ბიჩიკაშვილი და ნიკა გრიგოლია.
სასამართლო დარბაზში მყოფი ადამიანების უმრავლესობა ბაჩო ახალაიასა და გაგა მკურნალიძის შემოსვლას ფეხზე წამოდგომითა და ტაშით შეხვდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გარე და შიდა პერიმეტრზე ათეულობით სამართალდამცავი იყო მობილიზებული. პროცესის დაწყებამდე სასამართლოსთან ახალაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა ოფიციალური წერილით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ბაჩო ახალაიას საქმის წინასასამართლო განხილვა უნდა გამართულიყო, უსაფრთხოების უზრუნველყოფა თხოვა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაის ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება(სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა(სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), ასევე, წამება(114–ე პრიმა მუხლი).
ახალაია და სხვა ბრალდებული წაყენებულ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და პროკურატურის ბრალდებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.