ახალი ამბები

HRIDC: დეკანოზს მეოთხე ადვოკატი ჰყავს – სახაზინო ადვოკატის დანიშვნა უკანონობაა

22 მაისი, 2017 • 2091
HRIDC: დეკანოზს მეოთხე ადვოკატი ჰყავს – სახაზინო ადვოკატის დანიშვნა უკანონობაა

ადამიანის უფლებათა ცენტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლოს მიერ ადვოკატების სასამართლო დარბაზიდან გაძევებას და ბრალდებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას უკანონოდ მიიჩნევს, რადგან მის უფლებებს მეოთხე ადვოკატიც იცავდა.

19 მაისს სასამართლო პროცესზე გიორგი მამალაძეს იცავდა 3 ადვოკატი: გიორგი ფანცულაია, მია ზოიძე და მიხეილ რამიშვილი. დეკანოზ გიორგი მამალაძის მეოთხე ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. ცენტრის განცხადებით, ეკა ლომიძის ადვოკატის ორდერი საქმეში დევს და სასამართლოში იგი იცავდა და იცავს დეკანოზის ინტერესებს, რაც საქმის განმხილველი მოსამართლისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

“მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჰყავს მეოთხე ადვოკატი ეკა ლომიძე, მოსამართლემ ბრალდებულს მომდევნო სხდომიდან სახაზინო წესით ადვოკატი დაუნიშნა, რითაც ეკა ლომიძეს დეკანოზის დაცვის უფლება შეუზღუდა.” – აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ 19 მაისის სასამართლოს სხდომაზე მოსამართლემ უგულვებელყო ის ფაქტი, რომ ადვოკატები სხდომის დატოვებისას ადვოკატთა ეთიკის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულის ნების შესაბამისად მოქმედებდნენ და მათ სხვაგვარი მოქმედების სამართლებრივი შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეთანხმებით ჰყავდა მეოთხე ადვოკატი.

“სასამართლოს სახაზინო ადვოკატის დანიშვნა შეიძლებოდა მხოლოდ მაშინ, თუ საქმეში არ იქნებოდა ჩართული მეოთხე ადვოკატი. მოსამართლის აღნიშნული ქმედება გარკვეულ კითხვებს აჩენს კანონიერებასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სამართლიანი სასამართლოს პრინციპის განუხრელი დაცვით უდა განიხილოს, ისე, რომ ობიექტურ დამკვირვებელს არ შეექმნას განცდა პროცესის მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით მიმდინარეობის შესახებ,” – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

19 მაისის სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ გააპროტესტა მისი ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომების სრულად დახურვა და სასამართლო სხდომის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომა დატოვეს მისმა ადვოკატებმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი