ახალი ამბები

პარლამენტში სახელმწიფო დროშის გამოყენების პირობებზე იმსჯელეს

18 თებერვალი, 2013 • • 1149
პარლამენტში სახელმწიფო დროშის გამოყენების პირობებზე იმსჯელეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, კომიტეტი შეთანხმდა, რომ ჰერალდიკის საბჭოსთან ერთად მუშაობა დაიწყოს სახელმწიფო დროშის გამოყენების ეტიკეტზე:

 

“კომიტეტმა იმსჯელა ამ საკითხზე და ეს საკითხი იყო ის, რომ აკრძლულიყო ნებისმიერი იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო დროშის სიმბოლოდ გამოყენება, ანუ ჩაწერილიყო, რომ რომელიმე იურიდიული პირის სიმბოლო არის სახელმწიფო დროშა. ამას კომიტეტმა მხარი დაუჭირა, მაგრამ კომიტეტი, იმავდროულად, დაეთანხმა ჰერალდიკის საბჭოს წინადადებას იმის თაობაზე, რომ აუცილებელია არსებობდეს სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი, ანუ ეტიკეტი. სად, როდის, როგორ და ვის მიერ შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორ შეიძლება იყოს ის სხვა ქვეყნის დროშასთან ერთად, ასევე, საკუთარი ორგანიზაციის დროშასთან ერთად განთავსებული. კომიტეტმა გაიზიარა ის, რომ აუცილებელია ეს გაკეთდეს და სრული  შეთანხმებით, როგორც ინიციატორის, ასევე კომიტეტის წევრების, უმრავლესობის თუ ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, ჩვენ ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ სამუშაო რეჟიმში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან ერთად და უნდა განვსაზღვროთ არა მარტო ის, თუ როგორი უნდა იყოს ეს ეტიკეტი, არამედ ისიც, თუ რა აქტით უნდა იყოს დადგენილი ეს ეტიკეტი.” 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთელის თქმით, არ შეიძლება ვინმეს სახელმწიფო დროშის გამოყენება აუკრძალო:

“ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიქნებით იმის წინააღმდეგი, რომ სახელმწიფო დროშის და ზოგადად სიმბოლიკის გამოყენების წესები დაიხვეწოს. ამაზე ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს, მაგრამ ახლა ამ საკითხის პოლიტიზება და თქმა იმისა, რომ,  მაგალითად, რატომ იყენებს რომელიმე  პოლიტიკური პარტია, თუნდაც ნაციონალური მოძრაობა  ხშირად სახელმწიფო დროშას, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, არ იქნება სწორი. ვერავის ვერ ავუკრძალავთ სახელმწიფო დროშის გამოყენებას და ეს საკითხი ამ მიმართულებით არ უნდა წავიდეს, ჩემი აზრით”.

 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული დროშის გარდა, “თავისუფალი საქართველო”  რეგულაციების დაწესებას მოითხოვს უცხო ქვეყნის სიმბოლიკის გამოყენებისას.

“სახელმწიფო დროშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასთან ერთად უცხო ქვეყნის დროშის აღმართვა თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულების შენობაზე ასევე აკნინებს სახელმწიფო დროშის როლს და მნიშვნელობას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სხვა ქვეყნის დროშების აღმართვა ნებადართული იყოს მხოლოდ შესაბამისი დიპლომატიური მისიის შენობაზე, დიპლომატიური მისიის კუთვნილ ავტომანქანებსა და მისიის ეგიდით ორგანიზებულ ღონისძიებებზე.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი