ახალი ამბები

საგანელიძის პასუხი TI-ის: საპარტნიორო ფონდი ოფშორულ კომპანიებში ინვესტირებას არ აკეთებს

26 აგვისტო, 2016 • 2218
საგანელიძის პასუხი TI-ის: საპარტნიორო ფონდი ოფშორულ კომპანიებში ინვესტირებას არ აკეთებს

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, სადაც TI ფონდს მოუწოდებს, არ ითანამშრომლონ ოფშორულ კომპანიებთან და გახადოს მათი საქმიანობა უფრო გამჭვირვალე.

დავით საგანელიძის თქმით, საპარტნიორო ფონდი იზიარებს TI-ის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების უმრავლესობა აკმაყოფილებს მიზანშეწონილობისა და გამჭვირვალობის კრიტერიუმს. თუმცა, როგორც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ისინი არ იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციის შენიშვნებს სამ პროექტთან დაკავშირებით.

“საზოგადოებისთვის განვმარტავთ; საპარტნიორო ფონდისა და ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ფონდი განმარტავს, რომ არც ერთ ოფშორულ კომპანიაში ფონდი ინვესტირებას არ აკეთებს. ნებისიმერი პროექტის დაფინანსების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს პარტნიორისგან ადგილობრივი ერთობლივი კომპანიის დაფუძნება. ანალოგიურად, კომპანია Merrydow Development Holdings LTD-ს საქართველოში რეგისტრირებული ჰყავს შვილობილი საპროექტო კომპანია შპს რუსთაველი ფროფერტი, რომელიც ახორციელებს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ის პროექტს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და პროექტის დაფინანსებაში ასევე ჩართულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და კომპანიას ყველა შესაბამისი პროცედურა გავლილი აქვს. ამასთან, კანონმდებლობით, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობა შეზღუდული არაა. შეგახსენებთ, რომ კანონი არათუ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანისთან პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ თავად ოფშორულ კომპანიასთან თანაპარტნიორობას არ კრძალავს,” – აცხადებს დავით საგანელიძე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევის დასკვნაში გახმიანდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელები. საგანილიძის თქმით, საპარტნიორო ფონდმა გადაამოწმა ეს ინფორმაცია და გაუგებარია, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეთ აღნიშნულ პირებს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდთან:

“მოგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე იყო საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის გიგანტი კომპანია ელბიტ სისტემსის შვილობილი კომპანიისთვის ერთ-ერთი საოფისე ფართის გამქირავებელი კომპანიის, კერძოდ, „როიალ დეველოპმენტის ერთ-ერთი თანამფლობელი. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა მას საპარტნიორო ფონდთან. უფრო მეტიც, დასკვნაში მოხსენიებულია ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მასთან მიმართებაში საპარტნიორო ფონდთან რა კავშირზეა საუბარი, კვლევაში მითითებული ასევე არ არის, არ არის მოყვანილი არგუმეტები. შესაბამისად, ეს შენიშვნაც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუგებარია. რეკომენდაციაში ასევე მითითებულია, რომ საპარტნიორო ფონდის ვებ–გვერდზე მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციაა განთავსებული.”

დავით საგანელიძს განცხადებით, ფონდის ვებგვერდზე ბიზნესის კომერციული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის გათვალისწინებით სრული და დეტალური ინფორმაცია იძებნება. სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ მიმართვის შემთხვევაში ისინი ყველა დაინტერესებულ პირს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან.

“მზად ვართ ნებისმირი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით. რაც შეეხება საპარტნიორო ფონდის პარტნიორი კომპანიების მიერ შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობას, საპარტნიორო ფონდი განმარტავს, რომ ერთობლივ კომპანიებში, როგორც წესი, მინორიტარული წილით არის წარმოდგენილი (როგორც წესი, საპარტნიორო ფონდი არ ფლობს საკონტროლო პაკეტს ერთობლივ კომპანიებში), შესაბამისად, აღნიშნული კომპანიები არ არიან ვალდებული შესყიდვების დროს იხელმძღვანელონ სახელმწიფო შესყიდვების კანონის წესებით. თუმცა ფონდი სხვადასხვა მეთოდებით აღწევს შესყიდვების მაქსიმალურ გამჭირვალობას, იქნება ეს ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა, ფასთა გამოკითხვა, ღია და დახურული ტენდერები თუ სხვა,” – აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

TI-ის კვლევის დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია ბიზნესმენ ალექსანდრე მაშკევიჩზე, რის შესახებაც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ “ჰუმანით ჯორჯიას” საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ინიციატივა სწორედ ამ ადამიანს ეკუთვნის:

“პროექტის დაანონსების დღიდან ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაიაფება დაიწყო და ბაზრის დივერსიფიკაციის მცდელობამ თავისი შედეგი გამოიღო, რაც წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო. ცნობილი ბიზნესმენი ალექსანრე მაშკევიჩი ჩართულია პროექტში და ის აგრძელებს თანამშრომლობას. რაც შეეხება უჩა მამაცაშვილის საქმიანობას საპარტნიორო ფონდში, განვმარტავთ, რომ უჩა მამაცაშვილი ფონდში არ მუშაობს. „ჩვენთვის საამაყოა, რომ იმ ფონდის საქმიანობაში, რომელიც 5 მილიარდის აქტივებს ფლობს და სხვადასხვა დარგში ათეულობით პროექტს ახორციელებს, სხვა შენიშვნები არა გაქვთ. იმის გამო, რომ საპარტნიორო ფონდის საქმიანობა დიდ ინტერესს იწვევს, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ღონისძიებას, სადაც ფონდში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ სრულ ანგარიშს ჩავაბარებთ საზოგადოებას.”

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში მიიჩნევენ, რომ სახელწმიფო საინვესტიციო ფონდის, საპარტნიორო ფონდის საქმიანობა მეტ გამჭვირვალეობას საჭიროებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, ფონდის ვებგვერდზე მოცემული იყოს დეტალური და გადამოწმებული ინფორმაცია ყველა პროექტის შესახებ, რაც ამ დროისათვის ხელმისაწვდომი არ არის.

ასევე, მოკვლევამ აჩვენა, რომ კომპანიები, რომლებთანაც ფონდი თანამშრომლობს, ხშირად ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული, რის გამოც მათი მფლობელების ვინაობის დადგენა შეუძლებელია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი პრაქტიკა ფონდის საქმიანობის გამჭვირვალეობისათვის თვალის მიდევნებას ართულებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ფონდის საქმიანობა 2014 წლის შემდეგ უკვე მეორედ გამოიკვლია და კვლევის შედეგები მედიას 25 აგვისტოს წარუდგინა. ორგანიზაციამ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდისთვის ასევე შეიმუშავა რეკომენდაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი