ახალი ამბები

გიორგი არველაძე დაიკითხა

18 თებერვალი, 2013 • 1863
გიორგი არველაძე დაიკითხა

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, არველაძე გუშინ, 17 თებერვალს დაიკითხა ერთ-ერთ საქმეზე, რომლის გამოძიებასაც აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. მას შეკითხვები ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებით დაუსვეს.

 

საგამოძიებო სამსახურში არ აკონკრეტებენ, გამოძიება “იმედის” საკითხზე მიმდინარეობს თუ სხვა საქმეზე, რომლის ნაწილიც შეიძლება იყოს “ტელეიმედის” პატარკაციშვილების ოჯახისთვის დაბრუნების სამართლებრივი მხარე.

 

არველაძის თქმით, მისი დაკითხვა თავისუფალ მედიაზე ზეწოლას უკავშირდება.

 

შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდეგ ტელეკომპანია “იმედი” დაუბრუნდა მისი დამაარსებლის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს, ხოლო გიორგი არველაძე, რომელიც ასევე ფლობდა ტელევიზიის წილს, დატოვა არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა.

 

ამის შემდეგ საქართველოში გაიხსნა ახალი მედიაპორტალი – politico.ge, რომლის რედაქტორიც გახლავთ გიორგი არველაძე. აღნიშნულმა პორტალმა 16 თებერვალს გამოაქვეყნა მასალა კახეთში 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეზე. არველაძის თქმით, სწორედ ამის შემდეგ დაიბარეს დაკითხვაზე.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ არველაძის დაკითხვა არ უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას და რაფალიანცის საქმეზე მასალის გამოქვეყნებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი