ახალი ამბები

დეკანოზი: ჩემი ჩხრეკა და დაკავება აეროპორტში არ მომხდარა

19 მაისი, 2017 •
დეკანოზი: ჩემი ჩხრეკა და დაკავება აეროპორტში არ მომხდარა

დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა. მისი თქმით, იგი პროკურატურას აეროპორტში არ დაუკავებია:

“ჩემი ჩხრეკა და დაკავება აეროპორტში არ მომხდარა. როდესაც ჩავჯექი მანქანაში, რამდენიმე წამის მერე მოხდა აუხსნელად დაკავება. ერთადერთი, რაც იყოს ჩემთვის განცხადებული, რომ მე ვაპირებდი პატრიარქის მოკვლას. ჩხრეკა მოხდა პროკურატურაში, განმარტება არ მოუციათ”, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლო პროცესზე, დღეს, 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).

მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საქმის საჯარო განხილვის მომხრეა ბრალდებული და მისი დაცვის მხარე, თუმცა ამას ეწინააღმდეგებოდა პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა საგრძნობლად გართულდებოდა”, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება, „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

პორკურატურას ცალკე წარმოებად აქვს გამოყოფილი საქმე, რომელიც ეხება საპატრიარქოს მაღალი რანგის პირების შესაძლო მკვლელობას მომზადებას პირთა ჯგუფის მიერ.
დღეს, 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა იწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი