ახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინული დიასპორა ბათუმში

18 მაისი, 2017 • 6009
უკრაინული დიასპორა ბათუმში

აჭარაში დაახლოებით 800 ეთნიკური უკრაინელი ცხოვრობს. მათი გარკვეული ნაწილი თავს ქართველადაც კი მიიჩნევს. ნაწილი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას ცდილობს, ხოლო ის უკრაინელები, რომლებიც შერეულ ოჯახებში დაიბადნენ, მიიჩნევენ, რომ მულტიკულტურული სამყაროს  ნაწილი არიან.

[blue_box]ნახეთ 5 ქალის ისტორია:[/blue_box]

ანჟელა ბოლოგან

ანჟელა ბოლოგან

ანჟელა ბოლოგან 21 წლისაა, სტუდენტია საზღვაო აკადემიაში, ბიზნეს ადმინისტრირებას და მართვას სწავლობს. ოთხი წელია რაც ბათუმში ცხოვრობს, მანამდე კი თავის უკრაინელ ბებიასთან ფოთში იზრდებოდა. მისი ოჯახიც შერეულია. მშობლები დაშორების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საცხოვრებლად, თვითონ კი საქართველოში დარჩა.

ლიკა ამბობს, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა უკრაინაში წასულიყო სასწავლებლად, მაგრამ მაინც საქართველოში დარჩენა არჩია. „ვერ შეველიე. არ მაქვს ისეთი განცდა, როგორც ზოგიერთ ქართველს – „ლიჟბი აქედან წავიდე“.

საკუთარ იდენტობასთან ბებია უფრო აკავშირებს, რადგან მასთან გაიზარდა. ბებიისგან ისწავლა რაჭული ალუბლით მომზადებული უკრაინული ვარენიკები, ტრადიციული ბორშჩი, რომელიც ხშირად მზადდება უკრაინულ ოჯახებში, ისწავლა უკრაინული ენაც. კითხულობს უკრაინულ ლიტერატურას. როცა პატარა იყო, საბალეტო სკოლაში დადიოდა, სადაც ნაციონალურ ცეკვებსაც დგამდა.  

„პატარაობაში დედა მიმღეროდა ხოლმე უკრაინულ იავნანას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის“, – გვეუბნება ის.

სახლში ტრადიციულ სამოსი და ყვავილებით მოწნული გვირგვინიც აქვს, პატარაობისას სადღესასწაულო დღეებში იცვამდა. „ბებია კი სახლშიც ეროვნული სამოსით დადის“.

ამბობს, რომ უკრაინაში ჯერ არ ყოფილა, ბებია უფრო ხშირად დადის, ნათესავებს და ახლობლებს მოინახულებს ხოლმე. მომავალი წლისთვის თვითონაც გეგმავს წასვლას, თუმცა ამბობს, რომ იქ ცხოვრების სურვილი არ აქვს და საქართველოში დაბრუნდება.

ნატალია დაბიჟა

ნატალია დაბიჟა

ნატალია დაბიჟა, მხატვარი. მუშაობს კერძო სკოლაში ხატვის მასწავლებლად, ტურისტულ სეზონზე კი ბულვარშიპორტრეტებს ხატავს.ნახატებს, ძირითადად, უცხოეთში ყიდის. მხატვართა კავშირის წევრია და ხშირად გამოფენებშიც იღებს მონაწილეობას.

„დედა იფალია ხანთაძე ქართველი იყო, მამა – ორესტი დაბიჟა კი უკრაინელი. მამა ელექტრო ინჟინერი იყო, დედაჩემი კი აეროპორტში მუშაობდა. ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ. მამა საქართველოში 1954 წელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ოდესიდან გადმოვიდა. ბათუმის ღვთიმშობლის ეკლესიაში განათება, ვიტრაჟები მისი დაპროექტებულია. ასევე ცირკი, აჭარის რადიოსა და ტელევიზიის შენობაში, თეატრში განათება მამაჩემის პროექტით არის გაკეთებული.“

ნატალიას თქმით, მამა კარგად ხატავდა, თუმცა აკადემიაში არ ჩააბარა, რადგან იმ დროს მარქსის და ლენინის პორტრეტებიც უნდა ეხატა, „ეს კი არ მოსწონდა. ამიტომ თავისუფლება არჩია“.

ნატალია უკრაინულად ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ენას გრძნობს და ესმის. ახსოვს სოფელი ბალტაში, სადაც ბებია ცხოვრობდა. ხილის ბაღი ეზოში – ქლიავის და ვაშლის ხეებით. „საოცარი სურნელი აქვს სოფელს, დღემდე მახსოვს ამ ბაღის სუნი“. ბებიისგან მხოლოდ ხელით ამოქარგული ფარდაგები შემორჩა, რომელიც ძალიან პოპულარულია ძველ უკრაინულ ოჯახებში. ბებიისგან ახსოვს ნაციონალური სიმღერები, თუმცა ყველა აღარ.

„მეც მიყვარდა ქარგვა, ახლა ვეღარ ვახერხებ. ვხატავ და ამისთვის დრო აღარ მრჩება. ტრადიციული კერძებიდან სახლში მხოლოდ ბორშჩის ვამზადებ, სალა არ მიყვარს, რადგან ცხიმიანი საკვები არ მიყვარს“.

ცდილობს ნაციონალურ  ფესვებს მთლიანად არ მოწყდეს, ამიტომ ბათუმში არსებულ უკრაინის დაისპორასთან ურთიერთობას ინარჩუნებს. შეხვედრები, ძირითადად, მაშინ ეწყობა, როცა დიასპორას უკრაინელები სტუმრობენ ან რაიმე ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ.

„ასეთი შეხვედრები იშვიათია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი. ჩემი ერთი შვილი უკრაინაში სასწავლებლად წავიდა, ამიტომ ენაც ისწავლა.ამაში დიასპორა დამეხმარა. უკრაინის ხელისუფლება ეთნიკურ უკრაინელებს სწავლას უფინანსებს, ამიტომ ბათუმიდან ხშირად მიდიან ახალგაზრდები“.

ნატალიას მეუღლე ეთნიკური სომეხია, „რადგან ოჯახი შერეულია ვფიქრობ უკრაინულ ფესვებთან კავშირი, ჩემმა შვილებმა დედის მხრიდან უნდა შეინარჩუნონ. მინდა ჩემმა პატარა გოგონამაც ისწავლოს უკრაინული ენა“.

 ნატალია მიროშნიჩენკო

ნატალია მიროშნიჩენკო

 ნატალია მიროშნიჩენკო, მასწავლებელი. ბათუმში 37 წელია ვცხოვრობს. მისი უკრაინელი მეუღლე ალექსანდრე მიროშნიჩენკო ბათუმში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ერთმანეთი უკრაინაში გაიცნეს. ისინი ნიკალაევში, ნაყინის კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს, დაქორწინების შემდეგ კი საცხოვრებლად ნატალიაც ბათუმში გადმოვიდა.

„ჩემი მეუღლე მეზღვაური იყო, მე უკრაინული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. ამ სპეციალობით უკრაინაში 11 წელი ვიმუშავე, ბათუმში კი უკრაინულს სკოლაში არ სწავლობენ, ამიტომ ბავშვებს რუსულ ენას ვასწავლი“.

უკრაინულ ენას ბათუმში მხოლოდ საკვირაო სკოლაში ასწავლის. ადრე უფრო ბევრი მოწაფე ჰყავდა, ამჟამად მხოლოდ ოთხი მსურველი ჰყავს. უფრო ხშირად ახალგაზრდები სწავლობენ და ისიც მაშინ, როცა უკრაინაში სასწავლებლად მიდიან.

ბათუმში უკრაინის დიასპორა მან დაარსა, რაშიც უკრაინის საკონსულომ შეუწყო ხელი. საკვირაო სკოლაც მისი დარსებულია. „სწორედ ეს გარემო გვიწყობს ხელს ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში. გარემო თავისას შვრება, ამიტომ ოჯახში ქართული ტრადიციებიც იკიდებს ფეხს. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით არ იცვლება ის არის, რომ ახალ წელს ჩემი ოჯახის ყველა წევრი ეროვნულ სამოსში ვხვდებით“.  

ნატალიას სახლში არც უკრაინული, ვიშნით დამზადებული ვარენიკებია მივიწყებული. ტრადიციულად მზადდება ბორშჩი, სალა და ძეხვეული.

პატარა შვილიშვილს „იავნანას“ ვერ უმღერის, რადგან ამბობს, რომ კარგი სმენა არ აქვს, თუმცა ხშირად უკითხავს უკრაინულ ზღაპრებს და ლექსებს. „კარგად არა, მაგრამ ლაპარაკიც გამოსდის უკრაინულად“, – გვეუბნება შვილიშვილზე.

ყველაზე მეტი ტრადიციული ნივთი და აქსესუარი სწორედ დიასპორის ოფისში ინახება. ყველაზე ძველი, რასაც აქ ვხედავთ, ასი წლის უკრაინული, ტრადიციული წესით ამოქარგული ფარდაგია, მასზე წარწერებიც ძველ უკრაინულ ენაზეა ამოქარგული.

„ეს ის გარემოა, რაც ჩემს ფესვებთან მაკავშირებს“, – გვეუბნება ნატალია მიროშნიჩენკო.

ლუბა ბიბილეიშვილი

ლუბა ბიბილეიშვილი

25 წლის ლუბა ბიბილეიშვილს ეთნიკურად ქართველი მამა ჰყავს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. უკრაინასთან და მის კულტურასთან მამის დედა, ევდოკია ბებია აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ბებია თითქმის არ ახსოვს, მისი წარმომავლობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ უკრაინულ კულტურასთან მეხსიერება შეინარჩუნოს.

„სასწავლებლად უკრაინაში წავედი, ევროპეისტიკას ვსწავლობდი, ვისწავლე ენაც. უკრაინა ბებიის გამო ავირჩიე. მიყვარს იქაური ბუნება, ენა ძალიან ლამაზია. მამაჩემი ცუდად ლაპარაკობს ამ ენაზე, ამიტომ მისგან ბევრი რამ ვერ ვისწავლე.

უკრაინული კულტურა, სიმღერები, ცეკვები, მწერლობა ძალიან მიყვარს. მომწონს ხელით ნაქარგი ნივთებიც. გული მწყდება იმაზე, რომ ბებიის სახლი, მეორე მსოფლიო ომის დროს მთლიანად განადგურდა. სახლს ბომბი დაეცა და მისგან არაფერი დარჩა.

არცერთი ფოტო, არცერთი ნივთი, რაც ბებიასთან უფრო მეტად დამაკავშირებდა, არ დამრჩა. ტრადიციული, მაგრამ მხოლოდ ახალი ნივთები მაქვს, რაც უკრაინასთან მაკავშირებს. ბებიას ერთი შვილიშვილი ყირიმში ცხოვრობს და მას იშვიათად ვნახულობ, თუმცა მყავს ბევრი უკრაინელი მეგობარი“.

ლუბას აზრით, შერეული ოჯახების შემთხვევაში არის იმის საფრთხე, რომ ეთნიკური ტრადიციები დაიკარგოს ან ტრანსფორმირდეს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იდენტობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ეს ენაა.  

„ვფიქრობ, უკრაინული ფესვები არც შემდეგ თაობაში დაიკარგება – ვცდილობ ჩემს პატარა ნათესავებს გადავცე უკრაინული ტრადიციები. ვუკითხავ ზღაპრებს, მოთხრობებს. როცა შვილი მეყოლება უკრაინულ ენას მასაც ვასწავლი. ეს ჩვენი ისტორიაა და ვფიქრობ, ის უნდა გვახსოვდეს“.

ლუბა ამბობს, რომ ძველ ბათუმში არსებული პატარა კაფე-ბარი, სადაც ახლა მუშაობს, ძალიან უყვარს. იქ ბევრი უცხოელი შედის, „მათ შორის ხშირად უკრაინელი ტურისტებიც“.

ელიზავეტა კრასენკო

ელიზავეტა კრასენკო

20 წლის ელიზავეტა  კრასენკო  ბათუმშია დაბადებული.  რუსთაველის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას სწავლობს და დაინტერესებულია ფოტოგრაფიით.  მიუხედვადა იმისა, რომ მამა უკრაინელი ჰყავს, ამ ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა. თუმცა,  ამის სურვილის გამოთქვამს. ელიზავეტას შერეული ოჯახი აქვს, „მამა ნახევრად უკრაინელია, ნახევრად კი რუსი. დედა ნახევრად სომეხი, ნახევრად ბელორუსი“.

ელიზავეტა ამბობს, რომ ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ  საკუთარ თავს კონკრეტულ ეთნოსთან არ აიგივებს. „ვერ ვიტყვი, რომ ჩემში უკრაინელი უფრო  სჭარბობს ან რუსი  და სომეხი,  ყველა ეს კულტურა ჩემს ოჯახში გარკვეული დოზითაა შემოსული და ბუნებრივია, მეც ამ მრავალფეროვნების  ნაწილი ვარ“.

ელიზავეტამ უკრაინული ენა კარგად არ იცის, რადგან ოჯახში რუსულად საუბრობენ. „უკრაინაში წასვლის სურვილი მამას არ აქვს, თუმცა მე, სამოგზაუროდ მინდა რომ წავიდე. ცხოვრებას საქართველოში ვაპირებ, სხვა ქვეყნებში კი მხოლოდ სამოგზაუროდ წავალ“.

აქ მიჩვეული ვარ, ენაც ვიცი და ბათუმი მომწონს. ეს გარემო არის ჩემთვის მისაღები და  აქ თავს კარგად ვგრძნობ“.

3100

download
მასალა მომზადებულია პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი დაფინანსებულია ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.
სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი