ახალი ამბები

პოლიტდევნილის ქონება „ტელეარხი 25“-ის დამფუძნებლის ახლობლებს

13 თებერვალი, 2013 • 2221
პოლიტდევნილის ქონება „ტელეარხი 25“-ის დამფუძნებლის ახლობლებს

ნანა ქადაგიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ 16-სართულიანი სახლის პირველ სართულზე 100 კვადრატული მეტრი ბინა, რომელიც მის ოჯახს წაართვეს და პრეზიდენტის ბრძანებით 1 ლარად აჩუქეს ლელა მითაიშვილს, „ტელერახი 25“-ის დამფუძნებელს გია სურმანიძეს ეკუთვნის:

 

„ლელა მითაიშვილმა პირადად დამიდასტურა, რომ მის სახელზე რეგისტრირებული ბინა მის დეიდაშვილს ეკუთვნის. პროკურატურაში დაკითხვის დროს გია სურმანიძემაც დაადასტურა, რომ ბინა მისი საკუთრებაა… გია სურმანიძეს ვთხოვე ჩემი ბინა არ გაყიდოს. ველოდები სტარსბურგის გადაწყვეტილებას, რომ საკომპენსაციო თანხა ავიღო და ბინა გამოვისყიდო. ახლახან გავიგე, რომ გიას რეგისტრაციიდან ჩემი ოჯახი წევრების მოხსნის თხოვნით შეუტანია განცხადება. მე კი მეუბნებოდა, რომ სხვისი ბინა არ უნდა და თუ გამოვისყიდი, თანახმაა ბინა მე მომყიდოს. მინდა გავაფრთხილო ყველა, ნუ შეიძენთ ჩემს ბინას, კეთილსინდისიერი შემძენი ვერ იქნებით“.

 

ადვოკატ ლია მუხაშავრიას ინფორმაციით, მეუღლეების – ამირან, ნანა ქადაგიშვილებისა და მათი შვილების, არჩილისა და გიორგის წინააღმდეგ საქმე 2005 წელს აღიძრა. გიორგი ქადაგიშვილი მიმალვა მოახერხა, ის ახალმა პარლამენტმა პოლიტდევნილად გამოაცხადა. ამირან ქადაგიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა და რამდენიმე თვის წინ გამოვიდა საპყრობილიდან, ნანა დაკავებიდან 6 თვის თავზე, საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო არჩილ ქადაგიშვილს სასჯელი სრულად არ მოუხდია – უდო შეეხო.

 

 

ლია მუხაშავრიას თქმით, „პრეზიდენტის განკარგულების დანართ #1-ს, რის საფუძველზე ქადაგიშვილების ბინა გადაეცა მითაიშვილს, არც ხელმოწერა აქვს, არც ბეჭედი. ვებ-გვერდსა და პროგრამა კოდექსში თავად განკარგულებაც არ იძებნება. ლელა მითაიშვილი არაკეთილსინდისიერი შემძენია, რადგან ბინა 1 ლარად, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე აქვს მიღებული. ლელა მითაიშვილის სახელზე იმ დღეს კიდევ  სახელმწიფოს ექვსი ქონება გადაფორმდა თბილისსა და ბათუმში“.

 

ადვოკატი ქადაგიშვილების საქმესთან დაკავშირებით არჩევნების შემდეგ შექმნილ ხელოვნურ ბარიერზეც საუბრობს: „ნანამ 5 ოქტომბერს დაიწყო საჯარო რეესტრიდან დოკუმენტების ამოღება, – უთხრეს, რომ ექვისივე ქონება ხარვეზით არის დარეგისტრირებული, ანუ რეესტრი ვერ ბედავს თქვას, რომ ეს კანონიერი რეგისტრაციაა. ამავე დროს, ქალბატონმა ნანამ მიმართა პროკურატურას და ითხოვს გამოძიებას, ბინის დაყადაღებას. აი, ეს უკვე პრობლემად ექცა. პროკურატურის, რეესტრის, იუსტიციის სამინისტროს ქვედა და შუა რგოლი არ შეცვლილა, ამიტომ ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ასეთ საჩივრებს იქ ვიღაც ბლოკავს. შუა რგოლი თანამონაწილეობდა მსგავს უკანონობებში, ამიტომაც არ აყადაღებენ ქონებას“.

 

ლია მუხაშავრია საუბრობს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობაზეც: „ჩვენ ვლაპარაკობთ იუსტიციის მინისტრზე, რომელიც ამ საქმის განხილვის დროს მუშაობდა სტრასბურგის სასამართლოში, შესაბამისად, საქმეს ზედმიწევნით კარგად იცნობს. არ ვიცი, რატომ ვერ ხერხდება წართმეული ქონების დაყადაღება, მინისტრის ან პროკურორის მაგიდამდე ვერ მიაღწია საქმემ თუ რა ხდება… არ მეგონა თეა წულუკიანს ასეთი მეტამორფოზა თუ დაემართებოდა. ამ საქმიდან კარგად ჩანს, რომ არ არსებობს ხელისუფლების ნება, მოურიგდეს სტრასბურგში გასაჩივრებული საქმეების მხარეს“.

 

ქადაგიშვილების საქმე, ადვოკატის თქმით, ევროსასამართლოში გადაწყვეტილების გამოქვეყნების სტადიაზეა. ისინი ზარალის ანაზღაურებისთვის სახელმწიფოს 5 მილიონ ევროს სთხოვენ.

 

ადვოკატის ინფორმაციით, ამირან ქადაგიშვილმა, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების ვიცე-პრემიერი იყო, პირველმა გააკეთა კავკასიის ბირჟა, ჰქონდა ლიცენზირებული „გამა ბანკი“ და სხვა სახის ბიზნესი. ის და მისი შვილი არჩილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. აპირებდნენ მეორე შვილის, გიორგის დაკავებასაც, მაგრამ მან მიმალვა მოახერხა. ოჯახი ირწმუნება, რომ მათი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სათანადო ოდენობის თანხა ვერ გადაუხადეს.

 

მეუღლისა და შვილების დაკავების შემდეგ, სამართლებრივი ბრძოლა ნანა ქადაგიშვილმა სცადა, რომელიც გააქტიურებისთანავე დააკავეს, როგორც თაღლითური ჯგუფის წევრი.


ოჯახს სახელმწიფოს სასარგებლოდ 1,800 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა. ამის საფუძველზე ქადაგიშვილებმა დაკარგეს ბანკის საწესდებო კაპიტალი, ბანკის აქტივები და ქონება, სხვა ბიზნესი, საცხოვრებელი და ავეჯიც კი.

 

ქადაგიშვილების ოჯახი ამ ეტაპზე ახლობლებსაა შეკედლებული.

 

ადვოკატის ინფორმაციით, ქადაგიშვილების ყოფილ, ანუ ამჟამად ლელა მითაიშვილის ბინაში სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელი ცხოვრობს.

 

„ტელეარხი 25“-ის დამფუძნებელი გია სურმანიძე ნანა ქადაგიშვილთან ყოველგვარ აცნობობას გამორიცხავს: „საერთოდ არ ვიცი ვინ არის ნანა ქადაგიშვილი. პროკურატურასი რატომ უნდა დავებარებინე?“

 

„ტელარხი 25“-ის დამფუძნებლების – გია სურმანიძის, მერაბ მერკვილაძისა და მალხაზ ვერძაძის ნათესავებს, შარშან, 24 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, თბილისსა და ბათუმში რამდენიმე მილიონის ღირებულების სახელმწიფო ქონება გადაეცათ 1 ლარად. იმავე დღეს არხის მფლობელებმა ტელევიზია გაყიდეს. გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ არჩევნების ჩატარების შემდეგ გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ არხი იყიდა ლევან ქარდავამ, რომელიც მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი გახდა საქართველოს პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი