როგორც ნეტგაზეთს შს სამინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ლუკა კურტანიძემ უკვე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ეს მისი, როგორც მოქალაქის პოზიციაა.
ერთადერთი კომენტარი საკუთარი განცხადების შესახებ “ასავალ-დასავალში”, ლუკა კურტანიძემ სააგენტო “პირველთან” გააკეთა.
“გაზეთ “ასავალ-დასავალის” 11 თებერვლის ნომერში დაიბეჭდა ჩემი ინტერვიუ, სადაც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შევაფასე. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ინტერვიუს შინაარსი და არც ჩემი პოლიტიკური ხედვა შსს-ს ოფიციალურ პოზიციას არ ემთხვევა. ეს იყო ჩემი, როგორც წინა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული მოქალაქის პირადი დამოკიდებულება”, – განუცხადა სააგენტო “პირველს” შსს პოლიციის აკადემიის პრორექტორმა.
ნეტგაზეთი ცდილობს კომენტარისთვის დაუკავშირდეს ლუკა კურტანიძე, თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ “ასავალ-დასავალის” ბოლო ნომერში ლუკა კურტანიძე პრეზიდენტსა და ოპოზციის წევრებს ემუქრება.
“რომ არა პოლიცია, რომ არა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც აქციაზე მივიდა და ხალხს დაშლისკენ მოუწოდა, დღეს არცერთი ნაციონალი ფიზიკურად მთელი არ იქნებოდა და თუ ცოცხლები გადარჩებოდნენ, ღმერთისთვის მადლობა უნდა ეთქვათ. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომ არა მისი დიდსულოვნება და პატიების უნარი, დღეს თითოეული ნაციონალი ცოცხლად იქნებოდა გატყავებული. დიახ,ეს ნაძირლები ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდნენ,რომ მათ გამწარებული ხალხი ქუჩებში არ დასდებს და სახლებში არ უვარდება! საზოგადოების რისხვას მხოლოდ ის შეაკავებს, თუ თითოეული დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კედელაშვილმა პასუხი აგოს. ჩიორა თაქთაქიშვილი არის პროვოკატორი. სწორედ ჩიორა თაქთაქიშვილისნაირი ვირთხების რიტორიკას გამოჰყავს წყობილებიდან გამწარებული ხალხი. ეს ხალხი ჩვენ გვეკითხება, როდემდე უნდა ვითმინოთ ეს ნაძირლებიო. ვაფრთხილებ ნაძირალა სააკაშვილს და მის ყველა ვირთხას-ნუ თამაშობთ გამწარებული ხალხის ნერვებზე, თორემ დაამთავრებთ ისე, როგორც კადაფიმ დაამთავრა!”- აცხადებს კურტანიძე “ასავალ-დასავალთან” საუბარში.
კურტანიძის აღნიშნულ განცხადებას დღესვე გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიცია, რომელმაც შს მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კურტანიძის სამსახურიდან დათხოვნისთვის 3 დღის ვადა მისცა.