საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო დაცული ქვეყანაა.
ასეთი შედეგები აჩვენა კვლევამ, რომლის პრეზენტაცია დღეს, 12 მაისს გამართეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ.
ეროვნული მასშტაბით, კითხვაზე, “ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველო ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცული ქვეყანაა” 52-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასხა, 43%-მა განაცხადა, რომ საქართველო ეროვნული თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყანა არაა, 5-მა პროცენტმა კი პასუხისგან თავი შეიკავა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველო ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყანაა 11 პროცენტი ეთანხმება სრულად, 41 კი- ნაწილობრივ.
საქართველოს უსაფრთხოებას კი, ყველაზე უკეთ გამოკითხულთა 35%-ის აზრით, აშშ უზრუნველყოფს. მას მოსდევს საქართველო (12%) და რუსეთი (10%). ყველაზე მეტად კი ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში საქართველოს ნატო დაეხმარება.
კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რომელი დაეხმარება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში, გამოკითხულთა 29%-მა ნატო დაასახელა. საკუთარი ძალებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ყველაზე ეფექტურად მიიჩნია გამოკითხულთა 16-მა პროცენტმა, ევროკავშირში გაწევრიანება კი 11-მა პროცენტმა უპასუხა.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.