ახალი ამბები

შსს: შვიდი პოლიციელი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისთვის აწამეს

8 თებერვალი, 2013 •
შსს: შვიდი პოლიციელი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისთვის აწამეს

შსს-ს ცნობით, ახალაიამ აღნიშნულ პერიოდში ინფორმაცია მიიღო, რომ შსს-ს 7 თანამშრომელს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გააჩნდათ.

 

“ამ საბაბით ბაჩანა ახალაიამ ამ თანამშრომელთა დასჯა-წამების ორგანიზება და შესრულება დააავალა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის თანამშრომლებს – დავით ვეკუას, მამუკა აბაშიძეს და დავით ჩუბინიძეს”, – აცხადებს შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი.

 

მისივე თქმით, 2012 წლის 18 აგვისტოს ახალაიამ ბრძანება გასცა, სასწრაფოდ შეეკრიბათ შსს-ს პირველი სამმართველოს პირადი შემადგენლობა, რაც სისრულეში მოიყვანა ამავე სამმართველოს უფროსმა დავით ვეკუამ.

 

გამოძიების ცნობით, ამაზე დღეს, საღამოს 9 საათზე ახალაია ბაზაზე მივიდა, სადაც მოედანზე შეკრებილი იყო პირველი სამმართველოს პირადი შემადგნელობა, რა დროსაც მინისტრმა 7 მათგანს მიმართა, რომ არსებობდა ჩანაწერები, რომ ისინი თანაუგრძნობდნენ ოპოზიციას. შსს-ს ცნობით, ახალაიამ მათ მოღალატეები უწოდა, ხოლო ვეკუამ სამხრეები ჩამოახია და ყველა მათგანი დაითხოვეს სამსახურიდან.

 

თუმცა, გამოძიების მასალებით, მეორე დღეს, 19 აგვისტოს შვიდივე მათგანი ისევ დაიბარა ახალაიამ და უთხრა მათ, რომ უნდა წასულიყვნენ ოფიცერთა გადამზადების კურსებზე, რის შემდეგაც არა მხოლოდ აღნიშნული შვიდი, არამედ, ჯამში, 38 თანაშრომელი მიიყვანეს შსს-ს სპეციალური მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე.

 

გამოძიების ინფორმაციით, ისინი ფიზიკურად შეურაცხყვეს, გააშიშვლეს და ასე არბენინეს, ყელზე გამობმული ქამრით სცემდნენ და ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. შემდეგ შვიდივე ნაცემი ამოთხრილ ორმოში ჩააგდეს და ზემოდან მიწა დააყარეს. ამის მერე ისევ გააგრძელეს მათი წამება, ცემეს ჯაჭვით და დღის ბოლოს ერთ-ერთ შენობაში დაატყვევეს.

 

გამოძიების ინფორმაციით, ასეთ პირობებში მათ თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდათ 1 თვის განმავლობაში და მხოლოდ 21 სექტემბერს გაათავისუფლეს; თან გააფრთხილეს, რომ ოჯახის წევრებისთვის ეთქვათ, თითქოს ფიზიკური დაზიანებები წვრთნის დროს მიიღეს.

 

გამოძიების ცნობით, დაზარალებულები დღემდე რეაბილიტაციის კურსს გადიან.

 

აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 143-ე და 144-ე მუხლებით გათვალსწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს შსს-ს სპეციალური ოპერატიული ცენტრის ყოფილი უფროსი, ვიცე -პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე, თავდაცვის სამინისტროს სამთო- სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები – დავით გიორგაშვილი, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევი და რობერტ სუთიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი