ამავე საქმეზე გუშინ პროკურატურაში ისანი-სამგორის რაიონის გამგებელი თემურ გრიგალაშვილი დაიკითხა. საქმის დეტალებს ამ ეტაპზე პროკურატურა არ ასაჯოროებს.
კაჩინსკის სკვერის საქმეზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ 26 იანვარს ისაუბრა კაჩინსკის სკვერიდან:
“აი, აქ, სადაც ახლა ბავშვები თამაშობენ, მხედრიონის დროიდან მოყოლებული, ჟანგისა და ბეტონის ხროვად ქცეული ბენზინგასამართი სადგური იდგა, რომელიც ყველა იურიდიული თუ ესთეტიკური ნორმის მიღმა არსებობდა. მეტსაც გეტყვით, ის საერთოდ არ ფუნქციონირებდა”, – განაცხადა უგულავამ. მისივე თქმით, როცა სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო, მეპატრონესთან შეთანხმებით, აღნიშნული ბენზინგასამართი სადგური დაანგრიეს და ააშენეს სკვერი, ახლა კი ეს მეპატრონე სახელმწიფოს ედავება 300 000 ლარს. გიგი უგულავას მიაჩნია, რომ ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის თანხის გამოძალვის მცდელობა და შემდეგ “ვიღაც გამომძიებლებისთვის ატკატის სახით” მიცემა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიასთან დაკავშირებით ამ დროისთვის აქტიური დაკითხვები მიმდინარეობს კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც ეხება “თბილსერვის ჯგუფში” ფიქტიურად დასაქმებულებისთვის ხელფასის გადახდას და ამ გზით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას. აღნიშნულ საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.
აღნიშნული საქმისთვის, გუშინ, 7 თებერვალს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის საკრებულოს ფრაქცის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილი დაკითხა. ამავე საქმეზე დაიკითხა თავად თბილისის მერი გიგი უგულავა.
გამოძიება, რომელიც თბილისის მერიას უკავშირდება, ასევე წარმოებს რიყის საქმეზე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და პროკურატურაში ბოლო ორი თვის განმავლობაში, ნიკოლოზ ხაჩირაშილის გარდა, თბილისის საკრებულოდან დაიკითხნენ: საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი, ასევე, საკრებულოს უმრავლესობის წევრები: ხვიჩა სანაია, ვახტანგ ცაგარეიშვილი, სევდია უგრეხელიძე, გელა ომანიძე, შოთა ქურდაძე და ბესო ბენდელიანი.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მთავრობის ცვლილებების შემდეგ თბილისის მერიის 885 თანამშრომელი იქნა დაკითხული.
ორი დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერს “ადრე თუ გვიან დააპატიმრებენ”.