ახალი ამბები

თორთლაძე: ეს არის ივანიშვილის ანგარიშსწორება

8 თებერვალი, 2013 •
თორთლაძე: ეს არის ივანიშვილის ანგარიშსწორება

“ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ზეწოლა. მანქანა, რომელიც იყო ჩვენს საკუთრებაში, არსებობს მთავრობის, არსებობს მინისტრის ბრძანება, რომლითაც გადმოგვეცა უსასყიდლოდ და უვადოდ, არანაირი ჩანაწერი რომ ჩვენ არ გვქონდა, ამის გასხვისების ან გაყიდვის უფლება არ არსებობს. ეს  იყო ჩვენი საკუთრება და როდესაც ცენტრს დაგვადეს ვალი, რომ რატომ დახარჯეთ თქვენ თანხა ჰიმალაებისთვისო, ეს მანქანა გავყიდეთ, შევიტანეთ და სრულად დავფარეთ ყველაფერი, აბსოლუტურად მოგონილი ამბავია. ეს არის პირდაპირ ივანიშვილის მიერ ანგარიშსწორება იმიტომ, რომ მე მაგას ვაკრიტიკებდი ძალიან მწვავედ თავის დროზე და ვერ აიტანა ეს და ახლა ასეთი მეთოდებით უნდათ რომ გამისწორდნენ, მე არ მეშინია არც მაგათი მეთოდების და არც არაფრის იმიტომ, რომ არც ერთი თეთრი არ დახარჯულა უმიზნოდ”, – განაცხადა გია თორთლაძემ.

თორთლაძის განცხადებით, არსებობს დოკუმენტაცია, რომ ფული- 86 526 ლარი ხაზინაში შევიდა:

“არსებობს ეს დოკუმენტაცია, რამდენი ფული შევიტანე და ვის ანგარიშზე და ის, რაც მანამდე შევასრულე, იმაზე არსებობს მიღება- ჩაბარების აქტი, კულტურის სამინისტრო წერს, რომ პრეტენზიები არ გააჩნია.  ორი ფილმი გადავიღეთ, ორი დოკუმენტური ფილმი, ჩავაბარეთ ორივე, გავაკეთეთ ვებ–გვერდი, გამოვუშვით ბროშურა, მოვაწყეთ ფილმის ჩვენება, არც ერთი თეთრი არ დახარჯულა უმიზნოდ. თუ ვინმეს რამე აქვს დასამალი, მაგათ უფრო უნდა დამალონ თავისი ქმედებები, ვიდრე მე. ასე რომ, არსად დამალვას და არსად წასვლას არ ვაპირებ”, – განაცხადა გია თორთლაძემ.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დეოკუპაციის ცენტრის ოფისიდან  ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღეს. 

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დეოკუპაციის ცენტრისათვის უსასყიდლოდ და უვადოდ სარგებლობაში გადაცემული იქნა 104 602 ლარად ღირებული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“, რომელიც გია თორთლაძემ 2013 წლის 4 იანვარს გაასხვისა 50 000 აშშ დოლარად. თანხა კი მოიხმარა პირადი მიზნებისთვის.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი  კრძალავს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების გასხვისებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი