ახალი ამბები

კონსტიტუციის ცვლილებამდე თბილისში პარლამენტის რეაბილიტაცია დაიწყო

7 თებერვალი, 2013 •
კონსტიტუციის ცვლილებამდე თბილისში პარლამენტის რეაბილიტაცია დაიწყო

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის გიორგი ნარმანიას განცხადებით, ტენდერის გამოცხადება კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად მიზანშეწონილი იყო ტენდერის გამოცხადება პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე:

 

“სამართლებრივად ასეთი ტენდერის გამოცხადება კანონდარღვევა არ არის, მაგრამ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რასაკვირველია, უნდა გაირკვეს, პარლამენტი გადმოდის თუ არა თბილისში და მხოლოდ შემდეგ უნდა მოხდეს შენობის მომზადება.

 

თუ ისეთი რამე მოხდა, რომ პარლამენტი გაარემონტეს და შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღარ გადმოდის, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა ბიუჯეტის არამიზნობივ ხარჯვას, მაგრამ ამჟამად კანონდარღვევასთან საქმე არ გვაქვს, პარლამენტი არემონტებს თავის ბალანსზე არსებულ შენობას”, – აცხადებს გიორგი ნარმანია.

 

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს პარლამენტში და უკავშირდება თუ არა ეს რემონტი შენობის ფუნქციის შეცვლას:

 

“სახელმწიფოს პოზიცია შეიძლება იყოს, რომ მიუხედავად იმისა – პარლამენტი გადავა თუ არა, შენობა გარემონტების შემდეგ შეიძლება სხვა მიზნითაც იქნას გამოყენებული. მეორე მხრივ, თუ უკვე შენობაში სხდომათა დარბაზი ან ისეთი სპეციფიკური რემონტი იგეგმება რომ ჩატარდეს, რაც უშუალოდ პარლამენტისთვისაა განკუთვნილი, არ იქნება სწორი ამ ტენდერის გამოცხადება”, – აცხადებს გიორგი ნარმანია.

თბილისში, რუსთაველის #8–ში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლის შენობა 2012 წლის ნოემბრამდე სს “საპარტნიორო ფონდის” ბალანსზე იყო, ხოლო ნოემბრის თვიდან საკანონმდებლო ორგანოს ბალანსზე გადავიდა. შენობის მოწყობაზე ტენდერი საქართველოს პარლამენტის აპარატმა 2013 წლის 28 იანვარს გამოაცხადა. 

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, დაგეგმილია შენობაში შიდა სამუშაოების ჩატარება და “პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.”

პარლამენტის შენობა სამი კორპუსისგან შედგება. ტენდერის პირობების თანახმად, ჩასატარებელი სამშენებლო–სარემონტო სამუშაოები ითვალისწინებს: სამივე შენობაში კედლებისა და ჭერის სამღებრო სამუშაოებს, დაზიანებული პარკეტის იატაკის დემონტაჟს,  არსებული პარკეტის იატაკის მოხვეწა-ლაქის წასმას, დაზიანებული კარების დემონტაჟსა და წაბლის მასალისაგან ახლის მოწყობას, მინის კარების და ნიშებ მწყობრში მოყვანის სამუშაოებს.

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 500 000 ლარს, ეს თანხა კი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

როგორც პარლამენტის სატენდერო კომისიის აპარატის წარმომადგენელი ზაურ ჯიოშვილი აღნიშნავს, ამ დროისთვის პარლამენტის შენობაში შესასრულებელი სამუშაოების შესაფასებლად ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაინტერესებულ პირთა მიღება, თუმცა ტენდერში მონაწილე პირთა ვინაობა ცნობილი არ არის:

“ტენდერის დასრულებამდე სამი რაუნდი იმართება. როდესაც სამივე რაუნდი დასრულდება, მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება მონაწილე ორგანიზაციები, ვინც სატენდერო წინადადება წარმოადგინა. ეს რაუნდები დაწყებული ჯერ არ არის, ამიტომ ჯერ კიდევ მიდიან ადგილზე სამშენებლო კომპანიები, მიყავთ თავიანთი დარგის სპეციალისტები და სწავლობენ სიტუაციას. ეს თავისუფალი, ღია პროცესია, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მივიდეს, გაეცნოს და დეტალურად შეისწავლოს, რა არის გასაკეთებელი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს”, – აცხადებს ზაურ ჯიოშვილი.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციის პროექტი, თუმცა, როგორც “ნეტგაზეთმა” გაარკვია, პარლამენტის შენობის ამ პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია არ განხორციელდება.

აღნიშნული პროექტი გასული წლის აპრილში კომპანია “არსმა” “საპარტნიორო ფონდის” დაკვეთით მოამზადა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახლა გამოცხადებულ ტენდერში “არსი” მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს, რადგან ტენდერის თანახმად შენობისთვის ფუნქციის შეცვლა აღარ იგეგმება:

“ეს წინა მთავრობის პერიოდში გაკეთებული ესკიზური პროექტია, ერთ-ერთი შეთავაზება. ეს პროექტი გაკეთდა 2012 წლის აპრილში და უნდა ყოფილიყო მრავალფუნქციური შენობა, სადაც პარლამენტი, რა თქმა უნდა, აღარ იქნებოდა”, – აცხადებს კომპანია “არსის” არქიტექტორი ირინა შარაბიძე, რომელიც პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა. 

“ეს ვიდეოპროექტი არ ვიცი, რა არის, მაგრამ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს პარლამენტში ჩასატარებელ სამუშაოებთან, ჯერ ტენდერის მონაწილეთა ვინაობაც კი არ არის ცნობილი”, – აცხადებს პარლამენტის სატენდერო კომისიის აპარატის წარმომადგენელი ზაურ ჯიოშვილი. მისი თქმით, შენობის რეკონსტრუქცია არ იგეგმება.

ამჟამად თბილისის პარლამენტის შენობა ცარიელია, შენობაში მხოლოდ “საპარტნიორო ფონდის” ოფისია განთავსებული, თუმცა, როგორც ფონდში აცხადებენ, უახლოეს მომავალში, რემონტის დაწყებასთან ერთად, პარლამენტის შენობას ისინიც დატოვებენ.

 

იმასათვის, რომ პარლამენტი ისევ თბილისში დაბრუნდეს, აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილება. ცვლილების პროექტში ასევე შესულია პრეზიდენტისთვის მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილების შეზღდუდვა, რაზეც უმცირესობა და უმრავლესობა ვერ თანხმდება და, შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ გროვდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა ამ კვირაში უნდა გამართულიყო, თუმცა ეს პროცესი გადაიდო.

 

საქართველოს პარლამენტი ქუთაისში 2012 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს. კონსტიტუციაში მითითებულია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქუთაისი. ცვლილებების პროექტით, კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელი აღარ იქნება მითითებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი