ახალი ამბები

ტყიბულში დაღუპული მეშახტეებისთვის გამართული აქცია დასრულდა

10 მაისი, 2017 • 2195
ტყიბულში დაღუპული მეშახტეებისთვის გამართული აქცია დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ მაღაროელების მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქციით არ შემოიფარგლებიან, თუმცა კონკრეტული გეგმების შესახებ დღეს არ უსაუბრიათ.

აქცია, რომელიც ტყიბულში, მინდელის შახტში 4 მუშის ჩავარდნას, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია,  მოჰყვა, პარლამენტის შენობიდან დაიწყო. პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა. პოლიციამ აქციის მონაწილენი მას შემდეგ დააკავა, რაც მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. დაკავებულების ინტერესებს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) იცავს. მათი ცნობით, დაკავებულები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, მათ დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად  (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები)

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

EMC-ის მონაცემებით 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტურ შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან

მასალების გადაბეჭდვის წესი