ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე ღამის მგლების ვიზიტზე: მოსულ სტუმარს პატივისცემა უნდა

9 მაისი, 2017 • 7227
ნინო ბურჯანაძე ღამის მგლების ვიზიტზე: მოსულ სტუმარს პატივისცემა უნდა

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს თანაგუნდელ გუბაზ სანიკიძესთან ერთად ვაკის პარკში, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავის აღსანიშნავად მივიდა. ჟურნალისტებმა მას შეკითხვა დაუსვეს თბილისში “ღამის მგლების” წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ.

“საქართველოში ბევრს აქვს ნასწავლი ვაჟას “სტუმარ-მასპინძელი”. თუ ჩვენი წინაპრების დანატოვარი მემკვიდრეობა არ დაგვავიწყდება და ქართველობაზე ხელს არ ავიღებთ, ისიც არ დაგვავიწყდება, რომ მოსულ სტუმარს პატივისცემა უნდა. როცა ადამიანი შენთან იმისთვის ჩამოდის, რომ დიდი სამამულო ომის დროს დაღუპულ 300 ათას რჩეულ ვაჟკაცს მიაგოს პატივი, მათთან პროტესტით შეხვედრა ქართველისათვის არის შეუფერებელი საქციელი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვას, დაირღვა თუ არა კანონი, ბურჯანაძე პასუხობს:

“9 მაისთან რა შუაშია ოკუპაციის შესახებ კანონი? თუ კანონი ირღვევა, ქვეყანაში არსებობენ შესაბამისი სტრუქტურები, რომლებმაც კანონი უნდა დაიცვან ყველასთან მიმართებაში, ქართველი იქნება თუ უცხოელი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე და გუბაზ სანიკიძე ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მივიდნენ, 9.05.2017. ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

რუსი ბაიკერების ჯგუფი “ღამის მგლები” ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული გაერთიანებაა. ისინი ე.წ. გიორგის ბაფთებით გადაადგილდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ორფეროვანი ბაფთა “იმპერიალისტური რუსეთის რწმენას და დიდი რუსეთის დაბრუნების იდეას” გამოხატავს. 2005 წლიდან “რია ნოვოსტის” ინიციატივით ხორციელდება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული აქცია, რომელიც ჰიტლერზე გამარჯვების დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. გიორგის ბაფთის გავრცელებას ითვალისწინებს. ამ სიმბოლოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს და საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოსთან აიგივებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი