მთავარი პროკურორის განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი და შს ყოფილი მინისტრი 2011 წლის 26 მაისისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე დაიკითხებიან. თუმცა, კბილაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სხვა საქმეებიც არსებობს, რომელზეც ჯერ არ საუბრობს.
რაც შეეხება თბილისის მერს, გიგი უგულავას, მთვარი პროკურორის განცხადებით, მას სოციალური მომსახურების სააგენტოში გაფორმებული თანამშრომლების საკითხზე მოუწევს პასუხების გაცემა. კბილაშვილი ამბობს, რომ, როგორც “თბილისერვისის” შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი ათასობით ადამიანის დასაქმებას.
აღნიშნულ საქმეზე, მთავარი პროკურორის განცხადებით, უკვე დაკითხულია 1000-მდე ადამიანი.
კბილაშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე, რომლის ადგილსამყოფელი, მისი თქმით, პროკურატურისთვის უცნობია.
მთავარმა პროკურორმა სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, კალმახელიძის წინააღმდეგ არანაირი საქმის წარმოება არ არსებობს, თუმცა პროკურატურაში შემოსული 17 ათასზე მეტი განცხადებიდან და საჩივრიდან, კბილაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, ზოგიერთი სწორედ მას ეხებოდეს.
კბილაშვილმა კომენტარი იუსტიციის ყოფილი მინისტრის მოადგილის, თინა ბურჯალიანის შესახებაც გააკეთა. მისი თქმით, მის მიმართ არანაირი სამართლებრივი დევნა არ არსებობს, და თუ მან საქართველო დატოვა, არა პროკურატურის დევნის გამო. თუმცა სამართლებრივ პასუხისმგებლობაშია მიცემული ბურჯალიანის მეუღლე, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე.
1 ოქტომბრიდან 1 იანვრის ჩათვლით, მთავარი პროკურორის თქმით, უპრეცედენტო რაოდენობის (საგამოძიებო ნაწილის გარდა, 17 ათასზე მეტი და საგამოძიებო ნაწილში 2000-მდე) განცხადება და საჩივარი შევიდა პროკურატურაში.