“ჯერ გუნდისთვის არ მითქვამს, მაგრამ გაგიმხელთ: გიორგი მარგველაშვილზე ვფქირობ, ალბათ, კარგი ვიცე -პრემიერი იქნებოდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ჯერ კოალიციას არ ჰყავს რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი. ივანიშვილმა განმარტა, რომ როდესაც მან თავის წინა გამოსვლებში ვახტანგ ხმალაძეზე ისაუბრა, როგორც სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატზე, ეს ატარებდა სიმბოლურ ხასიათს:
“ეს სიმბოლური იყო, ამით საპრეზიდენტო ინსტიტუტის ჩვენება მინდოდა. მე ვთქვი ხმალაძის გვარი, ის ძალიან სიმპათიური კაცია, ძალიან მიყვარს და ვაფასებ, მაგრამ მომავალში მეტი ცენტრის გადატანა ხდება პარლამენტზე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან დაითხოვა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ივანიშვილმა განმარტა, რომ ამის მიზეზი გახდა ალასანიას გუნდიდან გავრცელებული ინფორმაცია, რომ მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა ირაკლი ალასანია. პრემიერის განცხადებით, კოალიციას შეჯერებული საპრეზიდენტო კანდიდატი ამ ეტაპზე არ ჰყავს.