ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” “ევროპული საქართველოს” მოთხოვნას უერთდებიან

8 მაისი, 2017 • 1651
“თავისუფალი დემოკრატები” “ევროპული საქართველოს” მოთხოვნას უერთდებიან

“თავისუფალი დემოკრატები” უერთდებიან “ევროპული საქართველოს” მოთხოვნას პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის დანიშვნის შესახებ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა შავგულიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შავგულიძის თქმით, კონსტიტუციური ცვლილებები საყოველთაო კონსენსუსის ფონზე უნდა განხორციელდეს, რაც მმართველმა პარტიამ ვერ უზრუნველყო:

“ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საზიანოდ მხოლოდ ქართული ოცნების მიერ ხელისუფლების შენარჩუნების ვიწროპარტიულ ინტერესს ემსახურება. სწორედ ამან განაპირობა ყველა სხვა პოლიტიკური ძალის მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვება,” – თქვა შავგულიძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე პლებისციტის ჩატარება შეამცირებს კონსტიტუციური ცვლილებების მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის სურვილისა და ნების შესაბამისად გატარების საშიშროებას, რისი მცდელობაც, შავგულიძის თქმით, ქართულ ოცნებას აქვს:

“თავისუფალი დემოკრატები” მხარს ვუჭერთ “ევროპული საქართველოს” მიერ შემოთავაზებულ იდეას საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესთან და საპარლამენტო არჩევნების რეალურად პროპორციულობისა და სამართლიანობის განმსაზღვრელ დებულებასთან დაკავშირებით სახალხო გამოკითხვის, ანუ პლებისციტის ჩატარების შესახებ,” – თქვა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.

როგორც შავგულიძემ განაცხადა, პარტიის წარმომადგენლები დღეს, 13:00 საათზე, პარლამენტში მივლენ და საკუთარ მხარდაჭერას ხელმოწერით დააფიქსირებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი