ახალი ამბები

ლევან ვეფხვაძე: საკონსტიტუციო ცვლილებები კონკრეტულ სიტუაციაზეა მორგებული

4 თებერვალი, 2013 •
ლევან ვეფხვაძე: საკონსტიტუციო ცვლილებები კონკრეტულ სიტუაციაზეა მორგებული

“თუ დავიწყებთ პარლამენტის გადატანით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტის ბორბლებზე შეყენება და აქეთ–იქით ტარება ქუთაისი–თბილისი, თბილისი–ქუთაისი, ძალიან არასერიოზულია. ჩვენ გვჭირდება ძალიან ფართო დისკუსია, სად მივდივართ ზოგადად ამ კონსტიტუციური განვითარების კუთხით. უნდა დადგეს თუ არა საკითხი დღეს არა იმაზე, სად უნდა იყოს პარლამენტი, არამედ იმაზე, ტერიტორიულ–ადმინისტრაციული მოწყობის საკითხი როგორმე მოვაგვაროთ თუ არა”, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე. მისი თქმით, თუკი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს ორპალატიანი პარლამენტის დაფუძნებას, ეს პრობლემა მოგვარდება:

“ამ შემთხვევაში ზედა პალატა იქნება ქუთაისში, ქვედა პალატა – თბილისში. ჩვენ ამაზე პარლამენტში განხილვების დროს ვსაუბრობდით და, ბუნებრივია, ვემხრობით იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ორპალატიანი პარლამენტი ბევრ რამეს უზრუნველყოფს. არა მხოლოდ იმას, ქუთაისი იქნება საპარლამენტო ქალაქი თუ თბილისი. ეს პირველ რიგში უზრნველყოფს იმას, რომ უწყვეტი ხელისუფლების წყარო არის ზედა პალატა, სადაც არის რეგიონების წარმომადგენლობა, სადაც ავტონომიებს უფრო მეტი წარმომადგენლობა აქვთ, ვიდრე შეიძლება დღეს ეს ჰყავდეთ”, – ამბობს ლევან ვეფხვაძე.

ვეფხვაძის განცხადებით, კონსტიტუცია ბევრად მეტ ცვლილებას მოითხოვს და ცვლილებები არ უნდა ხორციელდებოდეს კონკრეტული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე:

“პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ასევე, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან კონტექსტიდან ამოვარდნილია, კონსტიტუციაში მარტო ეგ ხარვეზი აღმოაჩინეს და სხვა ხარვეზი არ არის?  თუ მივდივართ ზოგადად საპარლამენტო მოდელისკენ, ასევე უნდა განვიხილოთ პრეზიდენტს ვინ აირჩევს, მხოლოდ პარლამენტი? თუ პირდაპირი არჩევნები გაიმართება. ჩვენ ვემხრობოდით, რომ ყოფილიყო ბოლომდე საპარლამენტო მოდელი და წავსულიყავით იქითკენ, რომ წარმომადგენლობითმა ორგანომ აირჩიოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ წარმომადგენლობით ორგანოში შედის მხოლოდ პარლამენტი, თუ ესწრებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები, ან რეგიონების და ავტონომიების წარმომადგენლები? ეს ყველაფერი არის დასაჯდომი და გასაანალიზებელი. ამიტომ, მე სიმართლე გითხრათ, აზრს საკონსტიტუციო ცვლილებების ვხედავ არა ერთ კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებულს. მე ძალიან კარგად მახსოვს ადამიანები, რომლებიც დღეს უმრავლესობაში არიან, ამბობდნენ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციას თავის თავზე ირგებს, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები იგივეს გამეორებაა, ეს არის ისევ ერთი პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისი გადაწყვეტილება”, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე. მისი თქმით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” წევრებს აუცილებლად მიაჩნიათ კონსტიტუციური ცვლილებების გლობალური გადახედვა.


მასალების გადაბეჭდვის წესი