ახალი ამბები

მერაბიშვილი ივანიშვილს აფრთხილებს

4 თებერვალი, 2013 •
მერაბიშვილი ივანიშვილს აფრთხილებს

“დღეს სრულიად გაუგებარი ისტერიკა მოაწყო საპარლამენტო უმრავლესობამ. ჩემთვის გაუგებარია, რა მოხდა ბოლო დღეებში, რომ ამას მოყოლოდა ასეთი სერიოზული ისტერიკა. მე მინდა განვაცხადო სრული სერიოზულობით, რომ დღევანდელ უმრავლესობას არა აქვს საკმარისი ხმები საკონსტიტუციო ცვლილებისათვის. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში შემავალი წევრების რაოდენობა მე მაძლევს საფუძველს, განვაცხადო კატეგორიულად: დღევანდელი მონაცემებით ძალიან შორს არის უმრავლესობა საკონსტიტუციო უმრავლესობისაგან. ამ ფონზე დღევანდელი განცხადებები, რომ ისინი მალე კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანენ, მაფიქრებს, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს განახორციელოს ძალიან სერიოზული რეპრესიები “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრების წინააღმდეგ. მე მინდა გავაფრთხილო საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით, პირადად ბიძინა ივანიშვილი: თუ უახლოეს დღეებში პარლამენტმა მიიღო საკონსტიუციო ცვლილება, ანუ უმრავლეოსობამ მოაგროვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა საკუთარი თანამდებობა ბოროტად და ძალისმიერი მეთოდებით გადაიბირა, შეაშინა, დააშანტაჟა

ივანიშვილი-მერაბიშვილი[მონტაჟი]
ივანიშვილი-მერაბიშვილი[მონტაჟი]

საკმაოდ ბევრი პარლამენტის წევრი და ასე შეაგროვეს საკოსნტიტუციო უმრავლესობა. მე მინდა გითხრათ, რომ ასეთი ქმედება, ძალაუფლების გადამეტება, არის დასჯადი დანაშაული და მე ვურჩევ მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს, თავი გაანებონ მსგავს ქმედებებს და სჯობს დაკავდნენ ქვეყნის განვითარებით და მიხედონ ქვეყანას. ქვეყანა საჭიროებს სერიოზულ განვითარებას, ქვეყანა საჭიროებს ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, მშვიდობას და სხვა იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც ქართულმა ოცნებამ ხალხს არჩევნებამდე მისცა”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.  

 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის დღევანდელი განცხადებით, პრეზიდენტის მიერ  
მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ უმცირესობის წევრების დადებით ან უარყოფით პასუხზე იქნება დამოკიდებული  ის, თუ რამდენად გააგრძელებს მმართველი ძალა საპარლამენტო ოპოზიციის ცალკეულ წევრებთან თანამშრომლობას სხვა საკითხებზეც.

 

“ვინც იტყვის – კი, მასთან ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის თუ ოპონირების აზრს და შესაძლებლობას სხვა საკითხებზეც. ვინც იტყვის – არა – მის მოსმენაზე და მათთან დებატებზე ჩვენ დროს ვერ დავკარგავთ ვერც ნებისმიერ სხვა საკითხზე”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის სახელით დღეს სპეციალურ ბრიფინგზე დავით საგანელიძემ გააკეთა.


მასალების გადაბეჭდვის წესი