საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ კატეგორიულად მიუღებელია დეკანოზ მამალაძის სხდომის დახურვის არგუმენტად საპატრიარქოს ინტერესების დასახელება.
დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. ბრალდების მხარის ერთერთი არგუმენტი სხდომის დახურვის აუცილებლობაზე საპატრიარქოს ავტორიტეტის დაცვა იყო.
“სხდომა უნდა იყის საჯარო. შუამდგომლობაში იმ არგუმენტის მოშველიება, რომ კონსტიტუციური შეთანხმებიდან და ეკლესიის როლიდან გამომდინარე, არ შეიძლება შეილახოს ეკლესიის იმიჯი, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. საპატრიარქო ყოველგვარი განსაცდელის ჟამს უფრო და უფრო ძლიერდება, ვიდრე სუსტდება. იმის მოშველიება, რომ საპატრიარქოს იმიჯი არ შეილახოს და ეს იყოს ძირითადი არგუმენტი სხდომის დახურვის, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. საქართველოს საპატრიარქოდან არ ყოფილა არანაირი მითითება თუ თხოვნა, რომ უნდა იყოს რაიმე დასამალი. საქმეში გარკვეულწილად ყველაფერი ნათელია, მხარეები საუბრობენ გარემოებებზე.
წინასასამართლო სხდომა არ წარმოადგენს არსებითი განხილვის სხდომას, სადაც შესაძლებელია პიროვნებები დაიკითხოს, მტკიცებულებები შედარდეს. წინასასამართლო სხდომა არის მხოლოდ მტკიცებებების ჩამონათვალი. ერთადერთი, რაც შეიძლება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილიყო, ეს არის შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
მხარეთა აპელირება და გადაბრალება საპატრიარქოზე, რომ ეკლესიის ინტერესებში შედის სხდომის დახურვა, არის კატეგორიულად მიუღებელი. დღეს საქართველოს საპატრიარქოს იმიჯის პროცესი არ მიმდინარეობს, აქ არის კონკრეტული ბრალდება კონკრეტული პირის მიმართ, ამიტომ ჩვენ მოვუწოდეთ მამა გიორგისაც, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, თუ მათ გააჩნიათ, ისაუბრონ, საჯარო გახდეს. ჩვენ გამოვდივართ საჯარო ინტერესიდან,” – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.