ახალი ამბები

რაულ აგიკიანი: არანაირი საფუძველი სხდომის დახურვის არ არსებობდა

5 მაისი, 2017 •
რაულ აგიკიანი: არანაირი საფუძველი სხდომის დახურვის არ არსებობდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარი, იურისტი რაულ აგიკიანი აცხადებს, რომ მოსამართლეს არ ჰქონდა დღევანდელი სხდომის დახურვის საფუძველი.

“არანაირი საფუძველი სხდომის დახურვის არ არსებობდა იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი, რასაც ეყრდნობოდა პროკურატურა, ეს იყო ორი გარემოება: მტკიცებულებები და მოწმეები. მტკიცებულებები თავად გახადეს საჯარო და ჩვენ გვახსოვს ის დაჭრილი ვიდეოები, რომლებიც დადეს რაღაც თემების გადასაფარად.

მეორე,  ერადერთი მოწმე, ვინც ჰყავთ სერიოზული და ვინცაა მაგათი ოქროს მოწმე, ირაკლი მამალაძე, ყოველ საღამოს ყველა სატელევიზიო არხზე არის გამომჯდარი. და ჩვენ, ვინც დამსწრეები ვიყავით და მართლა გვაინტერესებს სიმართლის დადგენა და ვისაც მამაოს დანახვა გვინდა, რომელიც დააკავეს და თვეებია ადამიანს ვერ ვნახულობთ, იმათ გვითხრეს, რომ თქვენ ხართ საფრთხე იმისთვის, რომ სასამართლო იყოს მიუკერძოებელიო”, – აცხადებს აგიკიანი.

იგი იმედოვნებს, რომ არსებითი განხილვის ეტაპზე მაინც გაიხსნება პროცესი. დღეს, 5 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა იმართება, რომელიც პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა. დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ანგარებით. თავად ბრალდებული არ აღიარებს ბრალს, იგი და მისი დაცვის მხარე ითხოვდა პროცესის საჯაროდ წარმართვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი