სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა მისი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მიმართ არსებულ ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ საკითხს პროკურატურა სწავლობს. გომელაურის თქმით, ყველას დედმამიშვილს აქვს უფლება, რაიმე ქონებას ფლობდეს და გოგაშვილის ქონებით დაინტერესებულ პირებს ურჩია მის მიერ შევსებული დეკლარაცია წაიკითხონ, სადაც ყველა კითხვაზე იპოვიან პასუხს:
“ამაზე მიმართეს პროკურატურას, როგორც ცნობილია ყველასთვის. დაიწყეს მოკვლევა. თუ რამე აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, პროკურატურა გააკეთებს განცხადებას. თუმცა მე გირჩევდით, რომ ნახოთ ელემენტარულად მისი დეკლარაცია შევსებული და იქ ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული.
მე მგონი, ყველას აქვს უფლება, ჩემს დედმამიშვილებსაც, თქვენ დედმამიშვილებსაც, რომ ჰქონდეთ რაიმე ქონება. შეიძლება ცოლისდას თავის დროზეც ჰქონდა მიწები. დეკლარაცია გახსენით, თუ ბინაზეა საუბარი, სადაც ცხოვრობს, იქ ნახავთ, საიდან შეიძინა ეს სახლი” – უთხრა ჟურნალისტებს სუს-ის უფროსმა.
სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2016 წლის 20 აპრილს შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, იოსებ გოგაშვილი ან მისი ოჯახის რომელიმე სხვა წევრი თბილისში საცხოვრებელ სახლს არ ფლობს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2016 წლის 7 ივნისს იოსებ გოგაშვილმა იპოთეკური სესხით თბილისში, ავთო ვარაზის ქუჩა N91-ში 261.00 კვ.მ მიწა შეიძინა, საიდანაც 140 კვ.მ საცხოვრებელი სახლია.
გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოში 9 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია დარეგისტირებული ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე, რომელიც რუსთავი 2-ის ცნობით, იოსებ გოგაშვილის ცოლისდაა. ამ მიწების ფართობი, ჯამში, მილიონ კვადრატულ მეტრს აღემატება. მარტყოფლიშვილთან ერთად ამ მიწების თანამესაკუთრე მოქალაქე თამთა მიქანაძეა.
ხათუნა მარტყოფლიშვილის საცხოვრებელ სახლში მისულ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს უცნობი მამაკაცი მამად გაეცნო და განუცხადა, რომ ხათუნა მარტყოფლიშვილი მეზობელ სახლში ქირით ცხოვრობს:
“ხათუნა მკერავია, კერძო შეკვეთებზე მუშაობს. ბიზნესი არ აქვს.”
იოსებ გოგაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2015 წლებში ის შს სამინსიტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მანამდე კი ამ სამსახურის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.