ახალი ამბები

დავით კეზერაშვილზე ძებნა გამოცხადდება

1 თებერვალი, 2013 • • 1475
დავით კეზერაშვილზე ძებნა გამოცხადდება

“ჩვენი პროკურატურაში მოსვლის სამი თვის თავზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად, ჯერ კიდევ სამი თვის წინ, ნოემბერში დაწყებული გამოძიება მივიყვანეთ ლოგიკურ დასასრულამდე, როცა ყველაფერი შევისწავლეთ და ყველაფერი გამოვიძიეთ. ფინანსური ტიპის დანაშაულებს სჭირდება მეტი დრო და ზუსტად იმ დროს გამოვაცხადეთ, როცა არის ჩვენებები, არის გადარიცხვები, არის ექსპორტი,  იმპორტი, არის დაფიქსირებული დოკუმენტები,” – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.   

 

მისი თქმით, პირადი ანგარიშსწორება და ზიზღი დავით კეზერაშვილის მიმართ არ გააჩნია არც მას და არც უწყების წარმომაგენლებს:

 

დავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი

“რაც შეეხება მის ბედს სამართლებრივად, ის მიცემულია პასუხისგებაში და დევნაა მის მიმართ დაწყებული. მის მიმართ გამოცხადდება ძებნა და თუ ის იმყოფება ისრაელში, აქ უკვე სამართლებრივი საკითხი დგას. მე არ ვიცი, მას აქვს თუ არა ისრაელის მოქალაქის პასპორტი, თუმცა ისრაელთან სამართლებრივი ხელშეკრულება დამნაშავის გადაცემასთან დაკავშირებით არ გვაქვს. ამიტომ ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი. აქვს თუ არა კეზერაშვილს ისრაელის მოქალაქეობა, მე ეს დოკუმენტურად არ შემიძლია ვთქვა.” 

 

კბილაშვილის თქმით, კეზერაშვილის ჩამოყვანა არის შორეული პერსპექტივა, თუ მას აქვს ისრაელის მოქალაქეობა და იცავს ამ ქვეყნის კანონმდებლობა:

 

“მაგრამ ეს არ არის პრობლემა და ტრაგედია. ჩვენთვის დასჯა არის მეორე ან მესამეხარისხოვანი. ჩვენთვის მთავარია გამოვიტანოთ სიმართლე. საზოგადოებას ვუთხრათ, აი, გუშინდელი შენი ცხოვრება და მინისტრთა კაბინეტი,  აი, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განმახორციელებელი მთავრობა, სადაც უკვე მეხუთე მინისტრი აღმოჩნდა დევნის ქვეშ. ჩვენი ძირითადი მიზანია სიმართლე, ხოლო დასჯა არის უკვე შედეგი.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი