ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: “დელტა” არ უნდა გაჩერდეს

31 იანვარი, 2013 •
მიხეილ სააკაშვილი: “დელტა” არ უნდა გაჩერდეს

“სრული მეთვალყურეობის ქვეშ მეყოლება ქარხანა, რომ არაფერი გაჩერდეს, აღდგეს სრული მოცულობით წარმოება. მე ვფიქრობ, თქვენს დირექტორს ესმის ამის მნიშვნელობა და ძალიან კომპეტენტურია. მთავარია, პოლიტიკა იყოს ისეთი, ქარხანა წავიდეს წინ. იცით, ქარხანა რაღაც პოლიტიკური ბატალიების ცენტრში აღმოჩნდა. ამაზე დებატები იყო – არაფერი საქართველოში არ ეწყობა, ყველაფერი მოგონილია. ახლა ყველამ დაინახა, რომ ეს ასე არ არის. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ყველაფერი თქვენი ხელებით არის აწყობილი. ახლა ჩვენ ყველანი ვრწმუნდებით, რომ ეს ქარხანა შესანარჩუნებელია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “დელტაში” ვიზიტისას.  

 

პრეზიდენტის თქმით, “დელტას” ხელმძღვანელობა დღეს ბევრს მუშაობს წარმოების დახვეწაზე და მთავარია, სრული მოცულობით აღდგეს წარმოება, სრული მოცულობით გაგრძელდეს შეკვეთები და, რაც მთავარია, მთავრობამ იშვილოს ქარხანა.

 
“არავის ჯიბრზე არ უნდა კეთდებოდეს რამე. ჩემი მთავრობის დროს დავაყენეთ ეს ქარხანა ფეხზე. ჩემს ჯინაზე კი არ უნდა კეთდებოდეს, არამედ პირიქით. ახალი შეკვეთები უნდა გააკეთოს, განავითაროს და თქვას, რომ სააკაშვილის მთავრობის დროზე უკეთესი გამოვიდა. ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა წავიდეს და არა გაუარესებისკენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა “დელტაში” მომუშავე პერსონალს, რომ შეინარჩუნეს საწარმო. პრეზიდენტი მათ დაჰპირდა, რომ რამდენიმე თვეში ისევ მივა “დელტაში”, განახლებულ წარმოებას ნახავს და დანაპირებს გადასინჯავს. მისივე თქმით, წარმოების ნაწილი ახლა იმიტომ არის შეჩერებული, რომ შემდეგ დასაქმებულებს ხელფასები მოემატოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი