საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დიპლომატიური პროცედურა ითვალისწინებს, რომ
ელჩების კანდიდატურების ვინაობა მხოლოდ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილი. “ნეტგაზეთს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც განუცხადეს, რომ აღნიშნული 15 პირის ვინაობის შესახებ ინფორმაცია ხელმოწერის შემდეგ გახდება საჯარო.

“ელჩების შერჩევა მოხდა კომპეტენციის, პასუხისმგებლობის და საქმისადმი დამოკიდებულების პრინციპით. ძირითადი ნაწილი შერჩეული კანდიდატურებიდან არიან დიპლომატიური კადრები”, – განუცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს. მან იმედი გამოთქვა, რომ კანდიდატების პროფესიონალიზმიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი მათ კანდიდატურას ხელს მოაწერს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამჟამად ვაკანტურია 19 ელჩის კანდიდატურა. დამატებითი 4 კანდიდატურა პრეზიდენტს მოგვიანებით წარედგინება. მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს ელჩობის იმ კანდიდატებზე, რომელთა ვინაობაც დღეს მედიაში გავრცელდება.
ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ცნობით, ელჩობის კანდიდატებს შორის არიან: ლადო ჭანტურია – გერმანიაში, კახა იმნაძე – გაეროში, თედო ჯაფარიძე – დიდ ბრიტანეთში, ეკა სირაძე-დელონე – საფრანგეთში, დავით აფციაური–ჩინეთში, მიხეილ უკლება – უკრაინაში, კახა სიხარულიძე – იტალიაში.
კახა იმნაძე ედუარდ შევარდნაძის მთავრობის პრესსპიკერი იყო, ლადო ჭანტურია კი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. რაც შეეხება თედო ჯაფარიძეს, ის ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა. ეკა–სირაძე დელონე ბოლო დრომდე არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდა, დავით აფციაური კი ლატვია, ლიტვასა და ესტონეთში საქართველოს ელჩი იყო 2003 წელს.
საქართველოს ამ დროისათვის მსოფლიოს 60–ზე მეტ ქვეყანაში გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა.
