ახალი ამბები

გიგი უგულავა მიკროავტობუსების თემის პოლიტიზებაზე საუბრობს

30 იანვარი, 2013 • • 1168
გიგი უგულავა მიკროავტობუსების თემის პოლიტიზებაზე საუბრობს

თბილისის მერის განცხადებით, მერიამ, როგორც მედიატორმა, მოახერხა შეთანხმების მიღწევა მძღოლებსა და “თბილისის მიკროავტობუსს” შორის მძღოლების მიერ ყოველდღიური გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.


“ჩვენ მივაღწიეთ იმ კონდიციას, რომ ორივე მხარემ ხელი ჩამოართვა და შეთანხმება მიღწეული იყო. ამის შემდეგ ბრუნდებიან მძღოლები და ვხედავთ ამ საკითხის სრულ პოლიტიზაციას, რაც გამოიხატება შემდგომში- ამ შეჯერების შემდეგ გაჩნდა ახალი მოთხოვნები, რომლებიც საერთოდ აღარ არის კავშირში მძღოლების ყოფითი მდგომარეობის  გაუმჯობესებასთან და სატრანსპორტო უზრუნველყოფასთან, დადგა საკითხი პოლიტიკური ხასიათის და თუ ჩვენ ამას ერთიან კონტექსტში განვიხილავთ, დავინახავთ და ვხედავთ, რომ მძღოლებს გვერდით ედგნენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.


ცალკე ეს ხალხი ცდილობს მძღოლებს ჭკუა აურიოს, ცალკე კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” დარბის შინაგან საქმეთა სამინისტროში და ცრუ ილუზიებს იქმნის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რამენაირად ძალისმიერად გადაუჭრის ამ პრობლემას. მე პირდაპირ მინდა გავაფრთხილო, რომ ასეთი რამ არ მოხდება და მე ვიქნები ამის პირველი წინააღმდეგი”.


თბილისის მერმა მძღოლებს მიმართა და მოუწოდა, რომ თბილისელებს მოემსახურონ:


“ჩემო მეგობრებო, ყველაზე გულსატკენი იქნება, რომ თქვენ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოგიყენონ. თუ მივაღწიეთ შეთანხმებას, უნდა გავიდეთ ხაზებზე და მოვემსახუროთ თბილისელებს და ყველა საკითხი, კანონპროექტი იქნება თუ სხვა რამ, ამას დრო ჭირდება, ერთობლივი მონიტორინგის ქვეშ ბოლომდე მივიყვანოთ და მე ვარ იმის გარანტი, რომ ყველანაირად შევეცდებით და ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ”–განაცხადა უგულავამ.


შეგახსენებთ, რომ თბილისის მიკრო–ავტობუსის მძღოლები უკვე ხუთი დღეა გაიფიცნენ და სამარშრუტო ხაზებზე არ მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი