კითხვაზე, თუ რატომ არ უნდა იყოს პარლამენტი ქუთაისში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პასუხობს: “ახლა ეს რამდენი სალაპარაკოა, იცი? და ამაზე ბევრჯერ მილაპარაკია. დედაქალაქი უნდა იყოს აღმოსავლეთ საქართველოში, ეს დეცენტრალიზაცია არ არის, ორი დედაქალაქი ღუპავს ქვეყანას, საკუთარი ისტორია წავიკითხოთ, სჯობს”.
გუბაზ სანიკიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ის იცნობს ქუთაისელთა ინიციატივას, რაც გულისხმობს ქუთაისში პარლამენტის დატოვებას.
“ვფიქრობ, ქუთაისს გაცილებით მეტი რამ ეკუთვნის, ვიდრე პარლამენტის შენობაა. ქუთაისი უნდა გახდეს კავკასიის ინტელექტუალური დედაქალაქი და ამას გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება. რატომ მოწონს ხალხს მაინცდამაინც დეპუტატების ყურება? არ ჯობია დეპუტატების ნაცვლად აკადემიკოსებს და პროფესორებს უყურონ?”, – მიიჩნევს გუბაზ სანიკიძე.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საჯაროდ გააკრიტიკა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე იმის გამო, რომ ის არ უჭერს მხარს პარლამენტის დატოვებას ქუთაისში.
“დღეს ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხები წყდება. სურათი წამოვიღე, მინდა გაჩვენოთ, თუ გეცნობათ. აბა, ვინ არის? ეს არის თქვენი მაჟორიტარი, მე მინდა გითხრათ, პარლამენტში ქუთაისის მიერ არჩეულ წარმომადგენელს პარლამენტში სანამ ძინავს, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საზოგადოებამ გამოიღვიძოს, რათა ქუთაისს არ წაართვან პარლამენტი, რათა საქართველოს არ წაართვან ქუთაისში პარლამენტი, რათა ჩვენ ყველას არ წაგვართვან საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა, რეგიონალიზმის, საქართველოს გაძლიერების და მყარად ფეხზე დაყენების იდეა, რომელსაც განასახიერებს ქუთაისის პარლამენტი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
