ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ეს გააადვილებს პარლამენტისა და ვენეციის კომისიის ურთიერთობას. დეპუტატმა იმ საკითხების დეტალებზეც ისაუბრა, რასაც შეეხებოდა შეხვედრა. ქუცნაშვილის თქმით, ჯანი ბუკიკიოს არანაირი საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს პარლამენტის თბილისში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნევს, რომ პარლამენტი და მთავრობა ერთ ქალაქში უნდა იყოს თავმოყრილი.
“რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას, ის მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური საკითხია და აქ არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა არ არსებობს, უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზიდენტს ერთპიროვნულად მთავრობის გათავისუფლებისა და დანიშვნის უფლება. ეს კეთდება იმისათვის, რომ კრიზისის აცილება მოხდეს თავიდან. მან გაგებით მიიღო ეს არგუმენტი. მე ვერ

დავინახე ამ საკითხზე ვენეციის კომისიის განსხვავებული დამოკიდებულება.ჯანი ბუკიკიოს ჰქონდა პოზიცია, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლებულიყვნენ შეწყალებით. ჩვენ მას ავუხსენით, რომ შეწყალების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს და ის ამას არასდროს არ მოაწერდა ხელს. სააკაშვილის გუნდს შეცდომაში შეჰყავდა ვენეციის კომისია, თუკი ისინი მოინანიებდნენ დანაშაულს. არადა, ამ პოლიტპატიმრებს მოსანანიებელი არაფერი ჰქონდათ, რადგან დანაშაული არ ჩაუდენიათ”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონს ვენეციის კომისიის დასკვნამდე არ მიიღებს, რომელიც მზად მიმდინარე წლის მარტში იქნება.
