ახალი ამბები

ფოფხაძე: თუ გინების მოთმენა სტანდარტია, თქვენ საჯარო პირებად უღირსი ადამიანები დაგრჩებათ

28 აპრილი, 2017 • 4218
ფოფხაძე: თუ გინების მოთმენა სტანდარტია, თქვენ საჯარო პირებად უღირსი ადამიანები დაგრჩებათ

გედევან ფოფხაძის განცხადებით, ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის ღირსების დაცვას შორის.

ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივის კომენტირებისას გააკეთა. საბჭო მოსამართლეების კრიტიკაზე ცენზურის დაწესებას ითხოვს.

“ თუ პოლიტიკოსის ან საჯარო პირის საქმიანობა პირდაპირაა დაკავშირებული ლანძღვასთან და გინებასთან, ასეთი საქმიანობა მე არ მინდა და მარტო ისეთი ხალხი დაგრჩებათ, რომლებსაც არანაირი თავმოყვარეობის განცდა არ აქვთ, არანაირი ღირსება არ გააჩნიათ.

თუ სტანდარტი არის, რომ გინება საჯარო პირმა ჩვეულებრივად უნდა მიიღოს, ასეთი სტანდარტი იმას გამოიწვევს, რომ თქვენ საჯარო პირებად დაგრჩებათ ყოველგვარ ღირსებას მოკლებული ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ, რომ აგინებენ,” – ამბობს გედევან ფოფხაძე.

ფოფხაძის თქმით, მისთვის პიროვნული ღირსების შეურაცხყოფა ძალიან მტკივნეული თემაა.

“როცა მეუბნებიან, რომ მე მაქვს თმენის ვალდებულება და გინება ნორმად უნდა მივიღო და თავი უნდა ვუქნიო, ამას ნორმად ვერ მივიღებ.  თუ თქვენ ნახავთ ჩემს საჯარო განცხადებას, სადაც მე რომელიმე ოპონენტს შეურაცხყოფა მივაყენე, ან სხვა ადამიანს- განსხვავებული აზრის გამო, თანახმა ვარ, ყველა მოხვიდეთ და კოლექტიურად მომაყენოთ შეურაცხყოფა. “

დეპუტატი ფიქრობს, რომ არასწორია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება:

“ არა მარტო იმიტომ, რომ ერთი მუჭა ხალხი ვართ და ზოგადად, პატარა საზოგადოებაში ვიღაცის გინება იმას ნიშნავს, რომ მთელ ჯგუფს აყენებ შეურაცხყოფას, არამედ იმიტომ, რომ ეს არის მოკლებული საღ აზრს, მორალს, წესიერებას. ადამიანებმა ერთმანეთს არ უნდა ვაგინოთ, ეს ჩვენთვის სტანდარტი უნდა იყოს. ამიტომ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის ღირსებას შორის.”

გედევან ფოფხაძე არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფის თავისუფლებას შორის ზღვარის გავლებას ცდილობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ  სასამართლოს კრიტიკისთვის რაიმე სანქციის დაკისრება არასწორია, ხოლო შეურაცხყოფაზე მსჯელობა შეიძლება.

საქართველოში არსებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი შეურაცხყოფის მიყენების თავისუფლებასაც გულისხმობს. ხოლო, თუ პირი ჩათვლის, რომ მისი პატივი და ღირსება უსამართლოდ შეილახა, შეუძლია სარჩელით სასამართლოს მიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი