ახალი ამბები

პუტინის მეგობარ “ქირურგსა” და “ღამის მგლებს” 9 მაისს თბილისში ჩამოსვლა სურთ

27 აპრილი, 2017 • 15501
პუტინის მეგობარ “ქირურგსა” და “ღამის მგლებს” 9 მაისს თბილისში ჩამოსვლა სურთ

“რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის” ორგანიზებით, 9 მაისს თბილისში შესაძლოა რუსი ბაიკერების ჯგუფი, “ღამის მგლები” ჩამოვიდნენ და ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პერფორმანსში მიიღონ მონაწილეობა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი ამბობს, რუს ბაიკერებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ახლა ტექნიკურ დეტალებზე მიდის შეთანხმება:

“რა თქმა უნდა, “ღამის მგლებთან” მიდის სერიოზული მუშაობა. მოსკოვშიც ვიყავით რამდენიმეჯერ ჩასული ჩვენი ორგანიზაციის წევრები. არის იქიდან აბსოლუტური მზაობა, ძალიან მეგობრული განწყობა. მე ვითხოვ საქართველოს მთავრობისგან და რამდენიმე სტრუქტურისგან კონკრეტულ გარანტიებს, რომ რაღაც 1 პროცენტი საზოგადოების, მიშა სააკაშვილის ნარჩენები, რაღაც პრობლემას არ შექმნიან. მიდის აქტიური მუშაობა, აქტიურად ვართ კონტაქტზე და ძალიან მალე გადაწყდება მათი ჩამოსვლის ამბავიც,” – ამბობს ყიფიანი.

კონკრეტულად რომელ უწყებებს სთხოვს გარანტიებს – ყიფიანი არ ასახელებს, რადგან მიაჩნია, რომ შესაძლოა მათზე ზეწოლა მოხდეს.

“რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის” ორგანიზებით დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ირაკლი ყიფიანის თქმით, რუსეთიდან 35-მდე პირის ჩამოყვანა იგეგმება. მათ შორის შესაძლოა იყოს რუსი ბაიკერი ალექსანდრ ზალდასტანოვი – მეტსახელად “ქირურგი”:

“ძალიან უნდა ალექსანდრ ზალადასტანოვსაც ჩამოსვლა, ძალიან უყვარს ქართველები და ძალიან უყვარს საქართველო. რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ და უკვე ტექნიკურ დეტალებზეა საუბარი. შანსი დიდია მისი ჩამოსვლისაც, ძალიან უნდა ჩამოსვლა და რატომაც არა, მით უმეტეს, 9 მაისს” – ამბობს ყიფიანი.

ალექსანდრ ზლადასტანოვი ფოტო: EPA

ალექსანდრ ზალდასტანოვი ფოტო: EPA

ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ბაიკერების ჯგუფი “ღამის მგლები” თბილისში 2015 წელსაც იყვნენ. ისინი ე.წ. “გიორგის ლენტებით” გადაადგილდებოდნენ თბილისის ქუჩებში. ორფეროვანი ლენტი იმპერიალისტური რუსეთის რწმენას და დიდი რუსეთის დაბრუნების იდეას გამოხატავს. ეს სიმბოლო რუსეთში ეკატერინე მეორიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად ამ ლენტს მეზღვაურები ატარებდნენ. 2005 წლიდან “რია ნოვოსტის” ინიციატივით ხორციელდება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული აქცია, რომელიც ჰიტლერზე გამარჯვების დღეს ე.წ. “გიორგის ლენტის” გავრცელებას ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ სიმბოლოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს და საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოსთან აიგივებს.

2015 წლის მაისში ფეისბუქში ვრცელდებოდა ფოტომასალა, რომელზეც უკრაინის დროშის ფერებში გადაღებილი მოტოციკლეტები იყო ასახული, თუმცა ბაიკერები, რომელთა მოტოციკლეტებიც გადაღებეს, აცხადებდნენ, რომ მათ “ღამის მგლებთან” არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.

“ღამის მგლების” წარმომადგენლებს ჰიტლერზე გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვიდან ბერლინის მიმართულებით მარშის მოწობა  2015 წელსაც უნდოდათ. მათ მოახერხეს შესვლა სლოვაკეთის, ასევე ავსტრიის ტერიტორიაზე, თუმცა კლუბის 10-მდე წარმომადგენელი, რომელიც ბერლინის მიმართლებით მიდიოდა, მაისის დასაწყისში პოლონეთმა საკუთარ საზღვარზე არ შეუშვა. იმავეს მოითხოვდა საქართველოშიც საზოგადოების ნაწილი.

რუსი ბაიკერი ალექსანდრ ზლადასტანოვი ფოტო: EPA

რუსი ბაიკერი ალექსანდრ ზალდასტანოვი ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი