ახალი ამბები

ბაიკერების აქცია 9 მაისს ვაკის პარკთან “ღამის მგლების” წინააღმდეგ

8 მაისი, 2015 • • 1829
ბაიკერების აქცია 9 მაისს ვაკის პარკთან “ღამის მგლების” წინააღმდეგ

როგორც ნეტგაზეთს ბაიკერული კლუბის, “მაიმოტოს” წარმომადგენელმა ვახტანგ შენგელაიამ განუცხადა, მათი აქცია მშვიდობიანია, რის შესახებ საქმის კურსში სამართალდამცველებიც არიან. მისი თქმით, თუ რუსეთიდან ჩამოსული მოტოციკლისტები  ე.წ. გეორგიევსკის ლენტებით უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მისვლას გადაწყვეტენ, ისინი ამას გააპროტესტებენ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აპირებენ ისინი, რომ რუსეთის მოქალაქე მოტოციკლისტებს ვაკის პარკში შესვლის საშუალება არ მისცენ, თან კანონის ფარგლებში, შენგელაია ამბობს, რომ მხოლოდ თხოვნით, ხოლო თუ რუსი ბაიკერები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მისვლას და 9 მაისის იქ აღნიშვნას მაინც მოინდომებენ, ქართველ ბაიკერებს ერთი წინაპირობა ექნებათ:

 

“ჩვენ ვთხოვთ, რომ ჯერ მიბრძანდნენ გმირთა მოედანზე და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების მემორიალს მიაგონ პატივი”.

 

რუსეთიდან ბაიკერები საქართველოში მაისის დასაწყისში შემოვიდნენ, რასაც რამდენიმე ინციდენტი მოჰყვა. თავისუფალი ზონის წარმომადგენლებმა გაავრცელეს გეროგიევსკის ლენტის ამსახველი ფოტოები, რომელიც, მათი თქმით, სწორედ ბაიკერების მოტოციკლებს ჩამოხნეს. ამის შემდეგ “იდენტობის” იურისტმა ინგა არახამიამ გაავრცელა ვიდეომასალა და რუსეთიდან ჩამოსული ბაიკერი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. გეორგიევსკის ორფერიანი ლენტის სიმბოლო რუსეთში ეკატერინე მეორიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად ამ ლენტს მეზღვაურები ატარებდნენ. 2005 წლიდან “რია ნოვოსტის” ინიციატივით ხორციელდება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული აქცია, რომელიც ჰიტლერზე გამარჯვების დღეს გეორგიევსკის ლენტის გავრცელებას ითვალისიწნებს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ სიმბოლოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს და მას საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოსთან აიგივებს. სწორედ ეს ლენტი გახდა ქართველი ბაიკერების უკმაყოფილების საბაბიც. გარდა ამისა, ვახტანგ შენგელაიას თქმით, არსებობს მეორე მომენტიც, რის გამოც მათ 9 მაისს ვაკის პარკში რუსეთიდან ჩამოსული ბაიკერების ხილვა არ სურთ. მისი თქმით, საქართველოში მყოფი ბაიკერების ნაწილი “ღამის მგლების” კლუბს წარმოადგენს, რომლის ლიდერი ალექსანდრე ზალდასტანოვი პუტინთან დაახლოებული პირია. პოლიტიკა და ბაიკერი კი, შენგელაიას თქმით, ერთმანეთისგან შორს დგას, რადგან მოტოციკლი თავსიუფლების სიმბოლოა.

 

“ღამის მგლების” წარმომადგენლები მოსკოვიდან ბერლინის მიმართულებით ჰიტლერზე გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავად მარშს აწყობს. მათ მოახერხეს შესვლა სლოვაკეთის, ასევე ავსტრიის ტერიტორიაზე, თუმცა კლუბის 10-მდე წარმომადგენელი, რომელიც ბერლინის მიმართლებით მიდიოდა, მაისის დასაწყისში პოლონეთმა საკუთარ საზღვარზე არ შეუშვა. იგივეს მოითხოვდა საქართველოშიც საზოგადოების ნაწილი:


ღამის მგლების ბაიკერები სლოვაკეთში, 2015 წლის მაისში -  EPA/JAKUB GAVLAK
ღამის მგლების ბაიკერები სლოვაკეთში, 2015 წლის მაისში – EPA/JAKUB GAVLAK

“სამართლებრივი საფუძველი არ გვქონდა, რომ ისინი არ შემოგვეშვა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ სჭირდებათ ვიზა. სპეცსამსახურებმა იმუშავეს, რომ აქციები არ ჩაეტარებინათ და აგრესია არ გამოეწვიათ, თუმცა პატარა ინციდენტი მოხდა”, – განაცხადა შს მინისტრმა ვახტან გომელაურმა ამ თემის კომენტირებისას საკომიტეტო მოსმენაზე.

 

ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებენ ბაიკერები რუსეთიდან 9 მაისისთვის. ამ თემაზე ინფორმაციას არც ვახტანგ შენგელაია ფლობს. მისი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ საქართველოში ზალდასტანოვიც იმყოფებოდა, თუმცა იგი სომხეთში გაემგზავრა.

 

‘ჩვენ მაინც შევიკრიბებით ვაკის პარკთან. რას აპირებენ არ ვიცი, რადგან თვითონ მაგათ საიტებზე არაფერი აღარ წერია. რამდენიმე მათგანი ვიცით, რომ სიღნაღში წავიდა, ნაწილი ბათუმში. დაქსაქსულები არიან. ჩემი აზრით, თავიდან 35-მდე ბაიკერი იმიტომ შემოვიდა, რომ სიტუაცია დაეზვერათ. ‘ღამის მგლები” ძალიან დიდი კლუბია, რომელიც 5000-მდე ადამიანს აერთიანებს. მთავრობას რომც ეზრუნა მათ არ შემოშვებაზე, იმდენად ჭკვიანურად შემოვიდნენ, რომ მაინც [მოახერხებდნენ] როგორც ტურისტები… თუ პოლონეთს ერთბაშად მიაწყდნენ, აქ ჭკუა იხმარეს და 2-2 შემოვიდნენ, თან, ჩემი ინფორმაციით, საზღვარზე გეორგიევსკის ლენტები არ ჰქონიათ”, – აცხადებს შენგელაია.

მისი ინფორმაციით, ვაკის პარკთან სამართალდამცველებიც იქნებიან მობილიზებული იმისათვის, რომ თუ იქ ბაიკერები რუსეთიდან გამოჩნდებიან, ინციდენტები არ მოხდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი