ახალი ამბები

პრეზიდენტი ჩახალიანს საქართველოს მტერს უწოდებს

25 იანვარი, 2013 • 1266
პრეზიდენტი ჩახალიანს საქართველოს მტერს უწოდებს

ვაჰაგან ჩახალიანი პატიმრობიდან 24 იანვარს ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა. პრეზიდენტამდე ეს ფაქტი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა გააკრიტიკა და ქვეყნისთვის საშიში ფაქტი უწოდა. 

 

პრეზიდენტმა ჩახალიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა:

 

“როგორც გაირკვა, ეს ადამიანი გაათავისუფლეს სომხეთის პატრიარქის გარეგინ მეორის თხოვნით, რომლითაც მან მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მე მოვისმინე პრემიერ-მინისტრის განცხადება და სრულიად არადამაკმაყოფილებლად ჩავთვალე ის”, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 25 იანვარს. მან ამ თემას საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა:

 

“ხაჩალიანზე ერთადერთი პარალელი რაც მახსენდება არის ვლადისლავ არძინბა, ეს არის ზუსტად ამ მაშტაბის კრიმინალი და ამ მასშტაბის დამნაშავე და ეს ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალიან კარგად იციან”, – აღნიშნა სააკაშვილმა, მისი თქმით პრემიერმინისტრი ცდილობს ეს გადაწყვეტილება სხვებს გადააბრალოს თუმცა ეს პირადად მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა.

 

 ბიძინა ივანიშვილმა ამ თემაზე კომენტარი დავოსში გააკეთა. 

 

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პატიმრების გათავისუფლების საკითხი სომხეთში ვიზიტისას სომხეთის პატრიარქმა დასვა.

 

“მე მახსოვს, რომ შეკითხვა პატიმრების შესახებ დასვა პატრიარქმა, სასომხეთის კათოლიკოს–პატრიარქმა, ჩემი პოზიცია იქაც უნდა გენახათ, ალბათ ჩანაწერებიც არსებობს. ის, რაც მე არ მეხება, მეც არ ვეხები, მე არ განვსაზღვრავ არც პატიმრების გათავისუფლებას, არც დაჭერას და არც პროკურატურას არ მივუთითებ და იქაც ეს კარგი მაგალითი იყო. მე როგორც კი დამისვეს შეკთხვა, იმწუთში გადავამისამართე და მე არ ვარ კომპეტენტური- მეთქი, ვუპასუხე. მე არ ვწყვეტ ამ საკითხებს, დამიჯერეთ. დამიჯერეთ, რომ ის ვერტიკალი, რაც არსებობდა ამ ქვეყანაში, რომ ერთი კაცი წყვეტდა ყველაფერს, ეს აღარ იქნება და ამის პრეცედენტი უნდა დაიწყოს ჩემგან, მე ამას ვქმნი, გუნდსაც ვასწავლი და საზოგადოებამაც ისწავლეთ, რომ ყველა საკითხებს არ ვწყვეტ მე და არ ვღებულობ გადაყწვეტილებებს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ამ საკითხზე პასუხი საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა გასცა. 

 

პრეზიდენტის თქმით, პრემიერ-მინისტრი ვერ გაექცევა გადაწყვეტილებას, რომელიც “მან [ივანიშვილმა] ერთპიროვნულად მიიღო. და ეს არის ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა საქართველოს უსაფრთხოების წინაშე. მან, მე ვფიქრობ, დაუშვა მძიმე გადაცდომა, რომელიც ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ქართველ ერს”. 

 

სომეხთა სამოქიცულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ცნობით, ჩახალიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გარეგინ მეორემ ტელეფონით აკურთხა. 

 

ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოს სამართალდაცავებმა 2008 წელს დააკავეს მამასთან და ძმასთან ერთად.  მამა და ძმა მოგვიანებით გაათავისუფლეს, ვაჰაგნ ჩახალიანი კი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 226 და 236 გაასამართლეს და 10- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

 

მას  ბრალად დაედო მასობრივი არეულობის ორგანიზება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი