ახალი ამბებისამართალი

არასამთავრობოები მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართლედ გამწესების წინააღმდეგ

26 აპრილი, 2017 • 5263
არასამთავრობოები მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართლედ გამწესების წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაციები – “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები” იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ, არ მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატ მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართელდ გამწესების თაობაზე.

მიხეილ ჩინჩალაძემ, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება 25 აპრილს გაიარა, ვინაიდან მას 10-წლიანი მოსამართლეობის ვადა ეწურება და სურს, კვლავ განაგრძოს სამოსამართლეო საქმიანობა.

“კანდიდატი 2007 წლის 23 მაისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს  წევრი. ჩვენ დავინტერესდით, თუ რამდენი საქმე ჰქონდა განხილული ბატონ მიხეილ ჩინჩალაძეს სამოსამართლეო საქმიანობის პეროდში 2007 წლიდან დღემდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის წერილიდან ირკვევა, რომ კანდიდატს ბოლო ათი წლის განმავლობაში განხილული აქვს: 2014 წელს 2 კერძო საჩივარი, 2015 წელს 1 კერძო საჩივარი, ხოლო 2017 წელს 17 საკასაციო საჩივარი, 1 კერძო საჩივარი და 2 გასჯადობის საქმე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამის მონაცემების მიხედვით, ბატონ მიხეილ ჩინჩალაძეს 2007 წლიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული, ჯამში, 250 საქმის განხილვაში (246 ადმინისტრაციული, 2 სამოქალაქო 2 სისხლი)”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ზემოთ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.

მოსამართლის უპირველესი მოვალეობაა საქმის განხილვა. როგორც უზენაესი სასამართლოს მონაცემებით ირკვევა, მოსამართლეობის კანდიდატ მიხეილ ჩინჩალაძეს ათწლიანი სამოსამართლეო საქმიანობის პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული მხოლოდ 250 საქმის განხილვაში, რაც 10 წლის მანძილზე შეადგენს თვეში დაახლოებით ორ საქმეს.   

“ხოლო  სხვა მოსამართლეების მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 50-55 საქმეს თვეში, ანუ 25-ჯერ მეტს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მიხეილ ჩინჩალაძის მიერ განხილული საქმეების აბსოლუტური უმრავლესობა, 88% – 220 საქმე განხილული აქვს 2007-08 წლებში. ჩვენთვის გაურკვეველია, როგორ უნდა შეამოწმოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მაგალითად, კანდიდატის კომპეტენტურობა.

მოქმედი მოსამართლისა,და მოსამართლეობის კანდიდატ მიხეილ ჩინჩალაძის მიერ ასე მცირე რაოდენობით საქმის განხილვა ვერ იქნება გამართლებული მის მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების (უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) განხორციელებით, ვინაიდან, მაგალითად, მზია თოდუას, რომელიც ასევე გახლავთ თავმჯდომარის მოადგილე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ხუთჯერ მცირე დროში განხილული აქვს ორჯერ მეტი საქმე. რომ აღარაფერი ვთქვათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე.

მიგვაჩნია რომ მოსამართლე, რომელიც არ ასრულებს თავის უპირველეს მოვალეობას, საქმის განხილვას, არ იმსახურებს განმეორებით მოსამართლედ გამწესებას. ამასთან, მოსამართლის მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს. შესაბამისად, მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არ მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატ მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართელდ გამწესების თაობაზე“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ისინი აქვეყნებენ უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეების მიერ განხილული საქმეების სტატისტიკურ მონაცემებსაც:

  • ვასილ როინიშვილი 2009 . 18 დეკემბრიდან დღემდე                          4830 საქმე
  • მაია ვაჩაძე 1999 . 20 ივლისიდან დღემდე                                               8640  საქმე
  • ეკატერინე გასიტაშვილი 2015 წლის 15 ივნისიდან დღემდე                      656   საქმე
  • ნუგზარ სხირტლაძე 1999 . 20 ივლისიდან დღემდე                              7 159  საქმე
  • პაატა სილაგაძე 2008 . ოქტომბრიდან დღემდე                                     12 290 საქმე
  • გიორგი შვლიაშვილი 2010 . 18 ივნისიდან დღემდე                              6 527 საქმე
  • პაატა ქათამაძე 2010 . 18 ივნისიდან დღემდე                                          4 416 საქმე
  • ბესარიონ ალავიძე 2011 . 22 თებერვლიდან დღემდე                            6 087 საქმე
  • ნინო ბაქაქური 2014 . 29 ოქტომბრიდან დღემდე                                    1 235 საქმე
  • ზურაბ ძლიერიშვილი 2014 . 29 ოქტომბრიდან დღემდე                      1 720 საქმე
  • მზია თოდუა 2015 12 ივნისიდან დღემდე                                                   575 საქმე
  • ნინო გვენეტაძე 2015. 20 მარტიდან დღემდე                                           1 825 საქმე

მასალების გადაბეჭდვის წესი