ახალი ამბები

სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესი არსებითი ცვლილებების გარეშე

25 აპრილი, 2017 • 2078
სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესი არსებითი ცვლილებების გარეშე

სახელმძღვანელოების გრიფირების გამოცხადებულ წესში ცვლილებები შევიდა, თუმცა ეს ცვლილებები არ უკავშირდება იმ მთავარ საკითხებს, რომლებიც გამომცემლობების უკმაყოფილების მთავარ საგანს წარმოადგენს. სამინისტროს ცნობით, წესის საბოლოო ვარიანტის მიღებამდე დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარმოდგენა 30 აპრილამდე შეუძლიათ.

გრიფირების წესის ახალ ვარიანტში უცვლელია ის პუნქტები, რომლებიც სამინისტროს მიერ სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლებას და სახელმძღვანელოების კონტენტის ტენდერის გზით შეძენას უკავშირდება. სწორედ ეს ორი საკითხი წარმოადგენს გამომცემლობების უკმაყოფილების საგანს. სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსი ნანა კილასონია ამბობს, რომ ეს ორი საკითხი არ შეიცვლება:

“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, სახელმწიფო ხედავს, რომ კონკურენტული გარემო უნდა იყოს არა მხოლოდ სახელმძღვანელოს შექმნის ფაზაში, ასევე, ბეჭდვის ფაზაშიც, ამიტომ ორივე ნაწილში ჩვენ ავაწყვეთ მოდელი ისე, რომ ჩვენ შევქმენით კონკურენტული გარემო”,- ამბობს კილასონია “ნეტგაეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ეს მოდელი სახელმწიფოსთვის უფრო ეკონომიურიცაა, თუმცა, რა დანაზოგს აკეთებს განათლების სამინისტრო მაშინ, როცა თავად ბეჭდავს და ტენდერის სახით იძენს სახელმძღვანელოს კონტენტს, იმასთან შედარებით, როცა სახელმძღვანელოებს თავად გამომცემლობები ბეჭდავენ, კილასონია არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ფინანსური გაანგარიშებები მისი კომპეტენციის საგანი არ არის.

სამმართველოს უფროსმა განგვიმარტა იმ ცვლილებების შესახებ, რაც გრიფირების წესში შევიდა წინა ვარინტთან შედარებით. მაგალითად, საჯარიმო სანქცია აღარ იქნება 50 000 ლარის ოდენობის:

“ჩვენ ვთქვით, რომ რა ზიანიც მოგვადგება, იმას აანაზღაურებს გამომცემელი, ისევე როგორც გამომცემელს რა ზიანიც მიადგება ჩვენი მოქმედებით, იმ ოდენობას ავუნაზღაურებთ ჩვენ. ასევე, თუ სახელმძღვანელოს წონის შემცირებაა მიზანი, სახელმძღვანელო შეიძლება დაიყოს 4 ნაწილად. ჰოლოგრამის გამოყენება, რომელიც იქნება არა მხოლოდ გამასხვავებელი ნიშანი, ამავდროულად, უნიკალური კოდი ექნება მას და ყოველი სახელმძღვანელო განთავსებული ჰოლოგრამის მიხედვით იქნება უნიკალური, ამით ჩვენ სახელმძღვანელოების მიმოქცევას გავაკონტროლებთ უპრობლემოდ”,- ამბობს კილასონია.

 ვრცლად სახელმძღვანელოების გრიფირების შესახებ იხილეთ სტატია: 

მასალების გადაბეჭდვის წესი