ახალი ამბები

როგორ დასრულდა შეხვედრა გრიფირების ახალი წესის შესახებ განათლების სამინისტროში

31 მარტი, 2017 • 2189
როგორ დასრულდა შეხვედრა გრიფირების ახალი წესის შესახებ განათლების სამინისტროში

გრიფირების ახალ წესთან დაკავშირებით, განათლებისა სამინისტროში გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) წარმომადგენლებსა და მინისტრის მოადგლეს თემურ მურღულიას შორის დღეს, 31 მარტს შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მხარეებმა განსხვავებული კომენტარები გააკეთეს.

მინისტრის მოადგილის ნათქვამის თანახმად, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენლებისთვის ცნობილი არ იყო, რომ გრიფირების ახალ წესთან დაკავშირებით ყველა გამომცემლობა ერთ პოზიციაზე არაა.

“დღევანდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ გამომცემელთა ნაწილი მანიპულირებს გამომცემელთა სახელით. ჩვენი სტუმარი გაოცებული იყო როცა აღმოაჩინა, რომ გამომცემლები, როგორც მას ეგონა არ არიან ერთ პოზიციაზე”,- განაცხადა მურღულიამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა წინადადებისა და მიდგომების შესახებ მიიღო ინფორმაცია:

“მე არ მომისმენია პრეტენზიები. მოვისმინე ძალიან საინტერესო წინადადებები, პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს განსხვავებული მიდგომები, მინდა ყველამ იცოდეს, შეხვედრაზე ითქვა, რომ იმ ფორმით რა ფორმითაც გვაქვს [გრიფირების წესი] არ ვარღვევთ არანაირ უფლებს. გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია თვლის, რომ არსებობს სხვა მოდელები, რომელიც გამოიყენება, მაგრამ ჩვენ ასევე ვთვლით, რომ ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე არსებობს ის მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობას და იმ საჭიროებას რომელიც დგას”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ხოსე ბორგინომ აღნიშნა, რომ, მისთვის ახალი ამბავი არ არის, რომ გამომცემელთა ნაწილი განათლების სამინისტროსთან კონსულტაციაშია. მისივე თქმით მან განათლების მინისტრის მოადგილეს იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ნეგატიურ ზეგავნელას მოახდენს გრიფირების გამოცხადებული ახალი წესი საგამომცემლო სექტორზე, მოსწავლეებზე, მასწავლებლებსა და განათლების ხარისხზე:

“როგორც გავიგე ის თვლის, რომ მის მიერ ნათქვამი ამბავი, რომლის თანახმადაც გამომცემლობების ნაწილი მათთან საუბრობენ, ჩემთვის ახალი ამბავი იყო. ეს ასე არაა. ჩვენი პოზიცია ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ საკითხში საქართველოს გამომცემელთა ასოციაციას. ჩვენ მინისტრის მოადგილეს ჩვენი პოზიცია ნათლად ვუთხარით, თუ რატომ იქნება ეს სისტემა ნეგატიური გავლენის მომხდენი მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე. მან მოგვისმინა, ჩვენ საინტერესო საუბარი გვქონდა. ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის მდგომარეობა, როდესაც უმაღლესი ხარისხის მიღწევა შეუძლებელი იქნება ამ სისტემით”- ამბობს ხოსე ბორგინო.

სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესის მიხედვით, შესაძლებელია, რომ სახელმძღვანელოს გრიფი მიენიჭოს, თუმცა სკოლებში ამ წიგნით სწავლება არ დაიწყონ, რადგან გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან სამინისტრო ტენდერის ფორმით შეიძენს იმ წიგნს, რომელზეც გამომცემლობა ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს, თუნდაც ამ წიგნს ყველაზე დაბალი ქულა ჰქონდეს მიღებული გრიფის მინიჭებისას. მეორე საკითხი, რაზეც გამომცემლობები და სამინისტრო ვერ თანხმდება წიგნების ბეჭდვის საკითხია. გრიფირების ახალი წესის მიხედვით, სამინისტრო ტენდერის მიხედვით შეარჩევს სტამბას, რომელიც სახელმძღვანელოებს დაბეჭდავს და გამომცემლობები ამ პროცესიდან გამორიცხული იქნებიან.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტის გვანცა ჯობავას ცნობით, განათლების სამინისტროში 10 აპრილს დაგეგმილია სამინისტროს წარმომადგენლებსა და გამომცმლებს შორის შეხვედრა, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ამ შეხვედრაზე ასოციაციაში შემავალი გამომცემლების მიწვევა დაგეგმილი არ იყო, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე ეს მიწვევა მიიღო. მისივე თქმით, შეხვედრისას არ მიუღია პასუხი შეკითხვაზე 10 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზე იქნება თუ არა განხილული ზემოთაღნიშნული პრობლემური ორი საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი