ნეტგაზეთი | IPA: მთავრობა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა, ჰქონდეს საგანმანათლებლო გამომცემლობის სექტორი IPA: მთავრობა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა, ჰქონდეს საგანმანათლებლო გამომცემლობის სექტორი – Netgazeti
RU | GE  

IPA: მთავრობა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა, ჰქონდეს საგანმანათლებლო გამომცემლობის სექტორი

გრიფირების ახალ წესთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც განათლების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ისაუბრა, თბილისში გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციამ (IPA) კონფერენცია გამართა. ისინი განათლების სამინისტროს მოუწოდებენ, პატივი სცენ საავტორო უფლებებს და მხოლოდ მოკლევადიან საბიუჯეტო დანაზოგზე არ კონცენტრიდნენ. გრიფირების ახალი წესი მიუღებელი გამომცემლობების უმეტესი ნაწილისთვის.

“გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია პატივს სცემს საქართველოს მთავრობის სურვილს სასწავლო სახელმძღვანელოები უფასოდ გადასცეს ადამიანებს. განათლება სტრატეგიული რესურსია და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მთავრობის ამჟამინდელ მიდგომას, რადგან ეს ძირეულ რყევას გამოიწვევს საგამომცემლო სექტორში. მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს მოკლევადიანი საბიუჯეტო გაუმჯობესება თუ გრძელვადიანი სტაბილურობა და ინოვაცია ბაზარზე, სადაც ქართველებს ინვესტირება მოუნდებათ. საკითხი, რომელიც მთავრობის წინაშეა, ასე გამოიყურება – სურს თუ არა , რომ 10-20 წლის პერსპექტივაში საქართველოს ჰქონდეს საგანმანათლებლოს გამომცემლობის სექტორი”,- განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა ხოსე ბორგინომ.

სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესის მიხედვით, შესაძლებელია, რომ სახელმძღვანელოს გრიფი მიენიჭოს, თუმცა სკოლებში ამ წიგნით სწავლება არ დაიწყონ, რადგან გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან სამინისტრო ტენდერის ფორმით შეიძენს იმ წიგნს, რომელზეც გამომცემლობა ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს, თუნდაც ამ წიგნს ყველაზე დაბალი ქულა ჰქონდეს მიღებული გრიფის მინიჭებისას. მეორე საკითხი, რაზეც გამომცემლობები და სამინისტრო ვერ თანხმდება წიგნების ბეჭდვის საკითხია. გრიფირების ახალი წესის მიხედვით, სამინისტრო ტენდერის მიხედვით შეარჩევს სტამბას, რომელიც სახელმძღვანელოებს დაბეჭდავს და გამომცემლობები ამ პროცესიდან გამორიცხული იქნებიან.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელის ხოსე ბორგინოს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა უარს არ იტყვის მის მიდგომაზე, ყველაზე მეტად ქართველი მოსწავლეები და ქართველი ხალხი დაზარალდება. იგი მონაწილე მხარეებს მოუწოდებს დაუბრუნდნენ ძველ პრაქტიკას, რომელიც თანამშრომლობას გულისხმობს გამომცემლებთან, ავტორებთან და მასწავლებლებთან.

“ჩვენი რეკომენდაციაა, პატივი ვცეთ ადამიანების საკუთრებას. საავტორო უფლება საკუთრებაა, საგანმანათლებლო გამომცემლები უზარმაზარ რესურსს დებებნ თავიანთ საქმიანობაში, რომ სახელმძღვანელოები შექმნან. მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ ისინი უმაღლესი ხარისის რესურსებში იხდიან ფულს”,- განაცხადა მან.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენლები ხვალ განათლების მინისტრის მოადგილეს თემურ მურღულიას შეხვდებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com