დავით დარჩიაშვილი გორში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას საპარლამენტო უმცირესობის სტატუსით ესწრებოდა: “კომისიის წევრი არ ვარ, მაგრამ ვესწრებოდი განხილვას. როგორც წესი და რიგია, გამოვიდნენ კომისიის წევრები უმრავლესობიდან, როგორც კი დაიწყო უმცირესობის წევრების გამოსვლა, იქ იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ნასვამები და იწყებდნენ ყვირილს სხვა თემებთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, სხდომა გრძელდებოდა და ჩვენი წარმომადგენლები თავის არგუმენტებს მაინც ამბობდნენ, ყვირილი რომ შეწყდებოდა, რაღაცის თქმა კიდევ იყო შესაძლებელი.”
დავით დარჩიაშვილის განცხადებით, უმცირესობის წარმომადგენლებმა განხილვა უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების შემდეგ დატოვეს:”ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტს იმიტომ აშენებდა, რომ ფული მოეპარაო. ამ განცხადებამ სრულიად აბსურდად აქცია საკონსტიტუციო განხილვის პროცესი.”
დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი დაემსგავსა ბოლშევიკურ შეკრებებს, სადაც პოპულისტურ და ბრბოს განწყობების განცხადებებს აკეთებენ: “ეს მიტინგიც აღარ იყო. როცა ამას უმრავლესობის წარმომადგენლები უწოდებენ საერთო სახალხო განხილვას, არ ვიცი, თუკი ამ პროექტის განხილვის მხარდამჭერი არასამთავრობო სექტორი ჩათვლის, რომ აქ რაიმე წარმატებას აქვს ადგილი დემოკრატიის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ცა და დედამიწასავით განსხვავდება ჩვენი შეხედულებები რეალობაზეც და ამ ქვეყნის მომავალზეც. ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ”.