ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში საპენსიო ასაკი 65 წლამდე იზრდება

25 აპრილი, 2017 • 5257
აზერბაიჯანში საპენსიო ასაკი 65 წლამდე იზრდება

აზერბაიჯანის პარლამენტმა საპენსიო ასაკს მიღწეული მოქალაქეებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.  მილი მეჯლისმა კანონში “შრომითი პენსიის შესახებ” დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც საპენსიო ასაკის ეტაპობრივ გაზრდას ითვალისწინებს. კანონი ძალაში უკვე 2017 წლის პირველ ივლისს შევა.

ახალი კანონის შესაბამისად, საპენსიო ასაკი, ეტაპობრივად, 65 წლამდე ზრდას ითვალისწინებს  – კაცებისთვის 63-დან 65 წლამდე, ქალებისთვის კი- 60-დან 65-მდე. პენსიის ეტაპობრივი ზრდა ნიშნავს იმას, რომ კაცების შემთხვევაში, საპენსიო ასაკი 2021 წლამდე ყოვეწლიურად ექვსი თვით გაიზრდება, ქალებისთვის კი – 2027 წლამდე.

საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ მსჯელობა აზერბაიჯანელმა პარლამენტარებმა წლების წინ დაიწყეს, მაგრამ იმჟამად ხელისუფლება არ ფიქრობდა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად განკარგვის საჭიროებაზე, რადგან აზერბაიჯანს გააჩნდა ძვირადღირებული ნავთობი და დიდი ფული, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა.  თუმცა, ბოლო დროს, ნავთობის ფასის დაწევასთან ერთად, მნიშვნელოვნად შემცირდა მანათის ფასი და რეფორმების გატარების საჭიროებაც დადგა, რომლის შედეგად, ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა შეივსოს და მეორე მხრივ, – საბიუჯეტო დანახარჯები შემცირდეს.

ცოლ-ქმარმა რენა და ანარ მამედოვებმა თითქმის მიაღწიეს საპენსიო ასაკს, თუმცა, ახალი კანონით, პენსიის მისაღებად დარჩენილი დრო მათთვისაც გაიზარდა. 35 წლის სამუშაო სტაჟის მქონე ანარი წელს 61 წლის ხდება. პენსია 2 წელიწადში უნდა დანიშვნოდა, მაგრამ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ პენსიის აღება დაახლოებით 4 წელიწადში მოუწევს.

ანარს ახალი სამსახურის შოვნის საშუალება პრაქტიკულად აღარ აქვს. იგი ამბობს, რომ ცოლ-ქმარს ამჟამად  შვილები ეხმარებიან. ასეთი შემთხვევები აზერბაიჯანში იშვიათობა არ არის.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2016 წელს აზერბაიჯანში 580 ათასზე მეტი 55-დან 59-წლამდე მოქალაქე ცხოვრობდა. შესაბამისად, ამ ადამიანებს პენსიაზე გასვლა უფრო გვიან მოუწევთ.  60-64 წლის ასაკის კი, უფრო ნაკლები – 351 000 მოქალაქე ირიცხება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საპენსიო ასაკამდე, 65 წლამდე, სულ უფრო ნაკლები მოქალაქე მიაღწევს და პენსიაზე გამსვლელთა რაოდენობაც შემცირდება.

საპენსიო სისტემის რეფორმა, როგორც აზერბაიჯანის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, სალიმ მუსლიმოვმა განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან და შემოსავლების შემცირებასთან არის დაკავშირებული. ყოველწლურად აზერბაიჯანის ბიუჯეტიდან საპენსიო უზრუნველყოფაზე 1 მილიარდ მანათზე მეტი  [დაახლოებით, 5841 მილიონი აშშ დოლარი] გამოიყოფა. საპენსიო ასაკის ზრდა, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი რაოდენობის საბიუჯეტო თანხის დაზოგვას ითვალისწინებს. დღევანდელი მონაცემებით, აზერბაიჯანში შრომითი პენსიონერების რაოდენობა 1,3 მილიონია.

ბაქო, აზერბაიჯანი; 2017, ფოტო: ნეტგაზეთი/ტეიმურ მაკსუტოვი

ბაქო, აზერბაიჯანი; 2017, ფოტო: ნეტგაზეთი/ტეიმურ მაკსუტოვი

58 წლის ნათავან ჰუსეინოვას ბუღალტრად და მოლარედ მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო ათი წლის განმავლობაში სასადილოში მზარეულად გადაკვალიფიცირდა. მანქანათმშენებლობის ქარხანამ, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში აზერბაიჯანის პრესტიჟი იყო, თანამშრომლები მინიმუმამდე შეამცირა და ნათავანიც დაითხოვეს.

“50 წლის ასაკში ჩემი პროფესიით მუშაობის დაწყება სხვაგან წარმოუდგენელი იყო. ამ ასაკის ბუღალტრები, მით უმეტეს, საბჭოთა განათლებით, რომლებიც სუსტად ფლობენ კომპიუტერულ პროგრამებს, არავის ვჭირდებოდით. რაღაც დროის შემდეგ მზარეულის ადგილი მოიძებნა”.

შვიდი წლის განმავლობაში ნათავან ჰუსეინოვა მზარეულად მუშაობდა, შემდეგ კი სასადილოც დახურეს. წელიწადზე მეტია უმუშევარია და სახლში უსაქმოდ ზის. იგი იმ პენსიის იმედად იყო დარჩენილი, რომელსაც წელიწადნახევარში აიღებდა, თუმცა კანონში შეტანილმა ცვლილებებმა გეგმა ჩაუშალა.

მილი მეჯლისის დეპუტატმა, ხადი რაჯაბლიმ პარლამენტში გამოსვლისას ირონიის გარეშე განაცხადა, რომ “საზიანოს ვერაფერს” ხედავს საპენსიო ასაკის ზრდაში.

“ადამიანები უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე უწინ. ამ დრომდე ექიმები, მასწავლებლები აღშფოთებული საუბრობდნენ, მუშაობა შეგვიძლია და მაინც პენსიაზე გვიშვებენო”.

თუმცა დეპუტატებს ავიწყდებათ, რომ არიან სხვა პროფესიის ადამიანებიც, ან ისინი, რომლებიც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მუშაობენ. დეპუტატის არგუმენტსაც არ აქვს ანარანაირი საფუძველი. საპენსიო ასაკის ზრდა – ეს არის ხელისუფლების უარი, მოქალაქეებზე სოციალური პასუხისმგებლობა იტვირთოს. 60 წლის ასაკში სამსახურის შოვნა აზერბაიჯანში ურთულესი ამოცანაა. სავარაუდოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში სიღარიბის დონის ზრდასაც შეუწყობს ხელს.

საპენსიო ასაკი  განვითარებულ ქვეყნებში 65 წლის ასაკიდან იწყება. თუმცა ასეთ ქვეყნებში პენსიის ოდენობა ბევრად მაღალია.  მაგალითად, საფრანგეთში საშუალო პენსია 1142 აშშ დოლარს უტოლდება. საპენსიო ასაკი კი ქალისა და კაცის შემთხვევაში 62,5 წელია. გერმანიაში პენსიაზე 65 წლიდან გადიან, საშუალო პენსია აქ 1250 ევროა. ევროპაში ყველაზე დაბალი პენსია ბულგარეთშია – 169 ევრო. აქ საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60 წლისა და 10 თვის შემდეგ, ხოლო კაცებისთვის 63 წლისა 10 თვის შემდეგ იწყება.

საპენსიო ასაკის ცვლილების პარალელურად, 2017 წლის ივლისიდან აზერბაიჯანში პენსიის ოდენობის განსაზღვრის ფორმაც იცვლება.

დღესდღეობით აზერბაიჯანში საშუალო შრომითი პენსია 205 მანათია [119 აშშ დოლარი], შრომითი პენსიის საბაზისო ნაწილი კი- 110 მანათი [63 აშშ დოლარი]. შრომითი პენსიის საბაზო ოდენობის დასანიშნად 12-წლიანი სტაჟის საჭიროება უქმდება და კანონში ახალი ელემენტი შემოდის – პენსიის მინიმალური ოდენობა, რომელიც 110 აზერბაიჯანული მანათით [დაახლოებით, 63 აშშ დოლარი] განისაზღვრა. ამასთან, საპენსიო სისტემა სადაზღვევო პრინციპზე გადადის. პენსია დაინიშნება მომუშავე ადამიანების ინდივიდუალურ ანგარიშზე დაგროვილი თანხის ოდენობის მიხედვით.  ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმალურ პენსიას დაემატება  მუშაობის დროს ხელფასის ოდენობიდან პროცენტი. ნებისმიერმა, ვინც მუშაობს, სახელმწიფო ფონდში შენატანი უნდა შეიტანოს –  დამსაქმებელი იხდის 22%-ს, თავად მომუშვე  კი, საკუთარი ხელფასის 3%-ს. ჯერჯერობით ამ პროცენტს, როგორც ხელისუფლება ჰპირდება პენსიონერებს, თავად სახელმწიფო გადაიხდის.

ბაქო, აზერბაიჯანი; 2017, ფოტო: ნეტგაზეთი/ტეიმურ მაკსუტოვი

ბაქო, აზერბაიჯანი; 2017, ფოტო: ნეტგაზეთი/ტეიმურ მაკსუტოვი

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი