ახალი ამბები

ქორწინება კონსტიტუციაში – როგორ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლების პოზიცია

25 აპრილი, 2017 • 3196
ქორწინება კონსტიტუციაში – როგორ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლების პოზიცია

დღეს, 25 აპრილს, სასტუმრო თბილისი მარიოტში ქორწინების თემაზე კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის მონაწილეობით კონფერენცია გაიმართა.  კონფერენციაზე მხარეებმა ქორწინების თანასწორობის საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, ასევე, ევროპული სტანდარტი და ევროსასამართლოს პრაქტიკა მიმოიხილეს და წინააღმდეგობის შესაძლო ფორმები განსაზღვრეს.

უფლება ქორწინებაზე და ურთიერთობის სამოქალაქო რეგისტრაცია

“კონსტიტუცია არც ერთი ჯგუფის მიმართ უნდა იყოს დისკრიმინაციული. თემის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ პირდაპირ დისკრიმინაციას ახდენს კონსტიტუციის ახალი პროექტი. ეს რეგრესული ნაბიჯია,” – ამბობს გიორგი თაბაგარი, “თანასწორობის მოძრაობის” წევრი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია. ომბუდსმენის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ილურიძე ამბობს, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ურთიერთობის რეგისტრაციის უფლება უნდა ჰქონდეთ, რათა სამოქალაქო უფლებებით ისარგებლონ:

“ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაიაზროს, რომ ლგბტ ადამიანები რეგულირების გარეთ არ დატოვოს. სხვანაირად იარსებებს ადამიანების დიდი ჯგუფი, რომლებიც ყველანაირი რეგულირების მიღმა იქნებიან.”

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ვარაუდობს, რომ ვენეციის კომისია ცალსახად ვერ იტყვის, რომ ქორწინება კონსტიტუციით არ უნდა დარეგულირდეს, რადგან ეს ქვეყნის პრეროგატივაა:

“ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის ერთი და იმავე სქესის წყვილების სამართლებრივი აღიარების სტანდარტი და ამის ფორმა არის სამოქალაქო პარტნიორობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს საერთო ევროპული სტანდარტია”.

“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებაში ჰომოფობიის მაღალი დონეა და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სამოქალაქო კოდექსში რაიმე ტიპის ცვლილებას განახორციელებენ ურთიერთობის რეგისტრაციის მიმართულებით:

“კონსტიტუციური ჩანაწერიც ექსკლუზიურია და ურთიერთობის სხვა ტიპებს გამორიცხავს. სწორედ ამიტომ, გვქონდა ინიციატივა, რომ ამ მუხლშივე გაკეთებულიყო შემდეგი დათქმა: ურთიერთობის სხვა ფორმები განისაზღვრება კანონით. “

41861

კონსტიტუციური ჩანაწერი, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგი

სახელისუფლებო პირების, მათ შორის პრემიერის განცხადებით, ამ ინიციატივის განხორციელების შემდეგ ანტიდასავლური სპეკულაციები შეწყდება. ამ აზრს არ იზიარებს მიხეილ ბენიძე.

“ეს არგუმენტი დაახლოებით იმის თქმას ჰგავს, რომ თუ საქართველო უბლოკო სტატუსს გამოაცხადებს, რუსეთი თავს დაგვანებებს. კონტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთებით რუსეთისგან მართული ჯგუფების მადა კიდევ უფრო გაიზრდება და ექნებათ განწყობა, რომ მათი მოთხოვნები შესრულებადია.”

ბენიძის თქმით, ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რას აკეთებს და დაფიქრდეს, თავად ხომ არ ხდება რუსული პროპაგანდის მსხვერპლი და ანტიდასავლური განწყობების გამღვივებელი.

9183

რას იტყვის ვენეციის კომისია?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი გიორგი გოცირიძე აცხადებს, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ურთიერთობის რეგისტრაციის უფლების მისანიჭებლად ერთადერთი გზა ვენეციის კომისია და საერთაშორისო ზემოქმედებაა:

“ყველაზე რეალური ის არის, რომ ვენეციის კომისიას მივმართოთ და კომისიამ გასცეს გარკვეული რეკომენდაციები, რათა კონსტიტუციაში ამ ჩანაწერით ლგბტ თემი არ დაზარალდეს. “

მიხეილ ბენიძის განცხადებით, ვენეციის კომისია, სავარაუდოდ, იტყვის, რომ ასეთი კონსტიტუციური ჩანაწერის პირობებში, ქვეყანაში სამოქალაქო ურთიერთობის დაკანონების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს:

“რაც ძალიან სერიოზული, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მნიშვნელოვანი იქნება, ხელისუფლება ასეთ რეკომენდაციას დაეთანხმოს. სამოქალაქო ურთიერთობის დაკანონება მნიშვნელოვანია, რათა მთელი რიგი უფლებებით ისარგებლონ წყვილებმა.”

თამთა მიქელაძის აზრით, შესაძლოა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებმა გავლენა იქონიოს, რადგან ხელისუფლება ადამიანის უფლებებს საგარეო ვალდებულებების კონტექსტში განიხილავს:

“სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ასე აღიქვამს უფლებებს. ეს რაღაც ტიპის კოლონიალიზმი ხელისუფლებაში ჩანს. ხელისუფლება არ ხედავს იმ ჩაგვრას, რასაც ცალკეული ჯგუფები განიცდიან. “

გიორგი თაბაგარის განცხადებით, “თანასწორობის მოძრაობა” მუშაობას გააგრძელებს, რათა ერთი და იმავე სქესის წყვილებს ურთიერთობის რეგისტრაციის უფლება ჰქონდეთ:

“არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ვეცდებით, რომ კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთებაზე უარყოფითი დასკვნა დაიდოს, თუ არა, ვიბრძოლებთ თანაცხოვრების სხვა ფორმების კანონში გაწერაზე.“

“თანასწორობის მოძრაობის” მიერ ორგანიზებული შეხვედრა NDI-ს მხარდაჭერით გაიმართა. მოძრაობა მიზნად ისახავს, საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ კანონდარღვევის მიზეზებსა და თანაცხოვრების სხვა ფორმების სამართლებრივი აღიარების შესაძლებლობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი